Blog Archive

Thursday, September 8, 2011

გეორგიო რომელიც ჭაში ჩავარდა


-ცოცხალი ხარ გეორგიო?
-ცოცხალი ვარ ჯაკომო, ერთი ეს არის, ფეხი მტკივა საშინლად, ალბათ მოვიტეხე.
-რა მოხდა, როგორ ჩავარდი?
-კიდეზე ვიჯექი, სიგარეტს ვაბოლებდი, ცაზე კუდიანი ვარსკვლავი დავინახე, მერე ვიოლინოს ხმა გავიგონე, პედროს ბარიდან ხალხი გამოდიოდა, წინ წავიწიე გამარჯობის სათქმელად, უცბად ფეხი ამიცურდა და აქ აღმოვჩნდი.
-არაფერია, მთავარია გადარჩი, აი პადრე ფერნანდოც მოვიდა,
-დამლოცეთ პადრე, დალოცეთ ცოდვილი გეორგიო,
-დალოცვილი იყავი შვილო, დღეს მარხვის ბოლო დღეა, როცა ამოხვალ კარგად მოვულხინოთ, ტულუზადან თეთრი ღვინო ჩამოიტანეს მისიონერებმა, აღმოსავლეთში მიდიან, იმედია ცოტას დაგვითმობენ.
-ღვთის გულისხმიერების იმედი გვაქვს მამაო, თქვენ ანაფორიანები ზეცის ხალხი ხართ, უბრალო მოკვდავები უნდა გვანუგეშოთ, ხანდახან ღვინო და ცოტაოდენი საკვები გადმოგვიგდოთ, ხომ იცით როგორ ჭირს ცხოვრება.
-სიკეთე კარგია გეორგიო, მაგრამ ამბობენ ჩვენს მხარეში ახალი კანონების დამკვიდრება სურთო...
-მაინც რა კანონების მამაო, ის წესი რა წესია, რომელიც სიკეთის კეთებას შეუშლის ხელს.
-ეკლესიის ქონებას თუ ურჯულოები დაეპატრონენ, გაგვიჭირდება ტკბილი ფრანგული ღვინის დაგემოვნება, იქნებ სარიტუალოდაც კი აღარ გვქონდეს, ორიოდე ჭიქა.
-ეს ჭორი მეც მსმენია, ვითომ ჩვენს გუბერნატორს, ეკლესიის ქონების ჩამორთმევა და ჩამოსახლებული დაქირავებული ჯარისკაცებისთვის სახლების აშენება სურსო, მაგრამ მე ამის არ მჯერა, განა შეუძლია ის ტოტი მოჭრას რომელზეც თავად ზის? ანდა ის ხელისუფალი რა ხელისუფალია, ვინც ხალხს, არც საჭმელს აძლევს და არც სულიერებას?
-მართალია, ჩვენი მრევლი ამას არ მოითმენს, აი თუნდაც შენ, მთელი დღე ზღვაში ხარ გასული, თუ გაგიმართლა და რამდენიმე თევზი დაიჭირე კმაყოფილი ხარ იმით, რომ შიმშილით სიკვდილი აღარ გემუქრება, ასე გრძელდება მთელი კვირა, კვირადღეს კი მოდიხარ ეკლესიაში, სანთელს ანთებ, გალობას უსმენ, მესის დამთავრების შემდეგ, კასტელონის მოედანზე, მეგობრებთან ერთად, არჩევ რა ეცვა ქალბატონ ფიორენტინის და როგორ გამოიყურება მისი ახალი საქმრო, როგორი ფერის იატაკი მოუხდება ჩვენს ეკლესიას, რამდენს გამოიმუშავებს სოფლის მღვდელი და ა.შ ახლა წარმოიდგინე, რომ მთავრობამ წაგართვას ეს დღე, რომელიც ღმერთს უსაქმურობისა და განცხრომისთვის დაუწესებია.
-მართლაც ძალიან ცუდი იქნება, არა ცხოვრება სწორედაც რომ აუტანელი იქნებოდა...
-აი, ჯაკომოც დაბრუნდა, რა მოგვიტანე ჯაკომო?
-სანთლები და კომედიების კრებულია, მილანიდან ჩამოიტანა დონა ბროსომ.
-დონა, ბროსომ? სწორედაც რომ ცოდვილია ეს ქალბატონი, აღსარება რომ საიდუმლო არ იყოს, ყველაფერს მოგიყვებოდით, მაგრამ არ შემიძლია, ისე კი გაფრთხილებთ, თავი შორს დაიჭირეთ მისგან...
-მე ნორმალური ქალბატონი მგონია, კარგი საუბარი აქვს და ყოველთვის სასიამოვნო სურნელი ასდის, განსაკუთრებით თუ თავს მარცხენა მხართან მიიტანთ, შენ რას იტყვი გეორგიო?
-მე რა უნდა ვთქვა, შენც გეთანხმები და პადრესაც, თუმცა უცნობების გარჩევა ჩემი საქმე არ არის, მაინც მგონია რომ ამ ქალში, არის კარგიც და ცუდიც, მოკლედ ნამდვილი ადამიანია.
-მამაო, მეც ხომ ცოდვილი ვარ, მაგრამ ჩემთვის არავის უთქვამს ბოროტი ადამიანი ხარო, უფრო პირიქით, რამდენი აღსარება ჩაგაბარე და პასუხი ყოველთვის მაინტერესებდა, აი, მაგალითად დღეს რომ მოვკვდე, სამოთხეში მოვხვდები თუ ჯოჯოხეთში?
-დღეს რა დღეა?
-სამშაბათი,
-სამშაბათი, კვირას იყავი მესაზე?იყავი, რამდენი შემოსწირე უფლის ეკლესიას?
-19 ლირა მამაო, ჩემი თვიური შემოსავლის მეხუთედი და მთლიანი რაც ჯიბეში მქონდა,
-მას შემდეგ ორი დღე გავიდა, ვინაიდან დღეს სამშაბათია და შენ კვირას იყავი... გუშინ რომ მომკვდარიყავი, პანაშვიდზე დანამდვილებით ვიტყვოდი: „ჩვენი ჯაკომო სამოთხეში წავიდა მეთქი“ მაგრამ დღეს არ ვიცი,  19 ლირა რომ სამ დღეზე გავყოთ,  არც თუ ისე დიდი ხეირი გამოდის, კიდევ სამი დღეც თუ ასე უხეიროდ გავა დანამდვილებით მოგახსენებ რომ შენი სულის გადარჩენის შესაძლებლობა ძალიან შემცირდება.
-დღესვე გავიქცევი და 15 ლირას დავამატებ რკინის სკივრში,
-სკივრი არ გინდა, აქ მომეცი, ხომ იცი მამა ამადეო როგორია, წავა და ფლორენციელ ღატაკებს შეაჭმევს მთელს ფულს, არ მესმის რატომ უნდა მივცეთ ფული სხვას, როცა მოდენაშიც ამდენი დასაპურებელია. (ღიპზე ირტყამს კოტიტა თითებს)
-აი თხუთმეტი, ოღონდ მითხარი, რამდენ ხანს ეყოფა ჩემს სულს ეს თანხა.
-კვირამდე შეგიძლია მშვიდად იყო, აი, მერე კი.... ხო და არ დაგავიწყდეს, რკინის სკივრს არ ენდო, სკივრები სატანის მოგონილია, სად ჰქონდა მოსეს სკივრი? ოქროს ფულებს პირდაპირ ბალიშის პირში ინახავდა.
-უდაბნოშიც ჰქონდა ბალიში მოსეს?
-უდაბნოში არა გეორგიო, მაგრამ ხომ არ დაგავიწყდა რომ მოსე დაბადებიდან დიდი კაცი იყო ეგვიპტეში? ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, ებრაელებისთვის ფული რომ არ გადაეხადა ფეხს არ მოიცვლიდნენ ნილოსის ნაპირებიდანო, რაც არ უნდა იყოს, ფული რომ ადამიანს არ აკეთილშობილებდეს, ღმერთი არ გამოიგონებდა.
-იქნებ სატანამ გამოიგონა მამაო?
-სატანას არაფრის გამოგონება არ შეუძლია, აი მითხარი, რა გეზიზღება ყველაზე მეტად, ან რა გაშინებს?
-გველი, გველებს ვერ ვიტან, სიკვდილზე მეტად მეშინია გველის ნაკბენის.
-სწორედაც, სატანას ყველაზე საშინელი ქვემძრომიც კი არ მოუგონია, მხოლოდ შეძვრა და გონება აურია, გგონია გველი ყოველთვის ბოროტი იყო? არა, ასევეა ადამიანიც, ვის როდის შეუძვრება ტვინში ეშმა, მხოლოდ ღმერთმა იცის.
-ზოგჯერ მართლა ღვთის კაცივით ქადაგებ პადრე.
-ეს არის ჩემი საქმე, ჩემი ჯაკომო.
-ჩვენი მოსამართლე მოდის, ნეტა დღეს ვინ გადასცა ჩამოსახრჩობად...
-გამარჯობა დონ დემეტრიო, ასეთ დროს რამ მოგწყვიტათ თბილ კერას? თავხედობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ თქვენი მეუღლის დარი ქალი რომ მელოდებოდეს სახლში, ალბათ წირვაზეც აღარ წავიდოდი.
-ღმერთს ნუ სცოდავთ პადრე, საქმეზე მივდივარ, ქალაქიდან ახალი გუბერნატორი ჩამოსულა და სასწრაფოდ გვიბარებს სამართლის მოხელეებს.
-მე და ღმერთს შეგვიძლია ერთმანეთთან ხუმრობა, რა გგონიათ, ტყუილად მაცვია ამხელა ანაფორა? ხუმრობის გარეშე ხომ სულ გამოვყრუვდი... ახალი გუბერნატორი? ასეც ვიცოდი, ხომ გეუბნებოდით, ეს სულწაწყმედილები მანამდე არ მოისვენებენ, სანამ ეკლესიის ოქროებით, ურჯულოებს არ გაუძღობენ მუცლებს.
-ეკლესია რა შუაშია, ამბობენ ჩამოხრჩობის გაუქმება უნდაო, აი ეს იქნება ნამდვილი იოანეს აპოკალიფსი, მკვლელები და ყაჩაღები კატორღაში - მე უსაქმოდ სახლში, აბა რა არის ავაზაკისთვის რამდენიმე წლის ჯურღმულში გატარება? განა მაწანწალა იუცხოვებს ვირთხებთან ერთად ძილს? ისინი გადარჩებიან, ჩვენ რა ვქნათ, პატიოსანმა ხალხმა...
-მართლაც ვერ არის კარგი საქმე დონ დემეტრიო, ღმერთი კი გვეუბნება „არა კაც ჰკლაო“ მაგრამ თურმე,  როცა მოსეს ქვის ფილა გადასცა, ზეპირად დაარიგა: მკვლელი თუ არ მოკალი უფრო მეტ ცოდვას ჩაიდენს და ადვილად მოხვდება მამონას ხახაშიო. სამწუხაროდ ამის შესახებ არავინ ლაპარაკობს, მე კი ერთ დღეს, როცა სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი, ეს ამბავი ეპისკოპოსმა ჩამჩურჩულა ყურში, თან ისიც დასძინა, არავის უთხრა მაინც არ დაიჯერებენო.
(გეორგიო)
-მამაო, გისმენთ და მგონი არ უნდა ყოფილიყო მართალი ეგ თქვენი ეპისკოპოსი, განა ჯალათი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისას, ცოდვას არ სჩადის? თუ ღმერთი აპატიებს, რომ მოსამართლე დემეტრიოს დავალება შეასრულა? კარგი, ვთქვათ, მკვლელის მოკვლით მას ახალი მკვლელობის ჩადენისაგან ვიცავთ, მაგრამ რა დააშავა ჯალათმა? ის ვიღამ უნდა დაიცვას?
-სწორედაც რომ განსაკუთრებული ხალხია ჯალათები, ღმერთს პატიოსანი ჯალათებისთვის ცალკე ადგილი აქვს სამოთხეში, როცა აღსარებას მაბარებენ, ვეუბნები, რომ სამსახურის საქმეები ცოდვებად აღარ ჩათვალონ და მხოლოდ საყოფაცხოვრებო ცოდვები მომახსენონ საპატიებლად. მაგალითად რამდენიმე კვირის წინ ერთი მათგანი სასტიკად დავსაჯე ტყუილების სიყვარულისათვის, ნამდვილი მღვდლის საქმე იმის გამოსწორებაა, რისი გამოსწორებაც შეიძლება, აბა ავაზაკებისთვის თავის მოჭრის დაშლა რა ჩემი საქმეა?
(მოსამართლე)
- სიმართლეს ღაღადებთ პადრე, ჯალათები რომ არ იყვნენ გაივსებოდა ქვეყანა გარეწრებით, ვინ იცის რა მოხდებოდა ფრინველები კალიებზე რომ არ ნადირობდნენ...
(ჯაკომო)
-ისე იმასაც ამბობენ ჯალათები მსჯავრდებულებს, როგორც ბოსტნეულს, ან შეშის ნაჭერს ისე უყურებენო, თუ მართლა ასეა, აბა როდის იყო ღმერთი ადამიანს კომბოსტოს დაჭრისთვის სჯიდა?
(მოსამართლე)
-მართლაც არავინს დასჯის მზარეულს, ან შეშის მჭრელს თუნდაც მთელი დღე თავისი საქმე აკეთონ. ხო მართლა, ჭაში რა დაგრჩენია გეორგიო?
-კიდეზე ვიჯექი, სიგარეტს ვაბოლებდი, ცაზე კუდიანი ვარსკვლავი დავინახე, მერე ვიოლინოს ხმა გავიგონე, პედროს ბარიდან ხალხი გამოდიოდა, წინ წავიწიე გამარჯობის სათქმელად, უცბად ფეხი ამიცურდა და აქ აღმოვჩნდი.
-ვერ მოგსვლია კარგი ამბავი, მეც მძიმე დღე მქონა, დონა ბროსოს ხომ იცნობთ? თურმე ნუ იტყვით და ამ პატივცემულ ქალბატონს, მოახლის მეუღლესთან დიდი სიყვარული ჰქონია, მაგრამ თავად ვაჟბატონი, არად დაგიდევდათ ვნებებს და ერთი წლის განმავლობაში, იმდენი ოქროს მონეტა გამოიტანა დონა ბროსოს სახლიდან, საწყალს, ქმრის დანატოვარი ქონება თითქმის მთლიანად გამოუცარიელა. როცა ფული დააგროვა და ქვეყანას სხვა თვალით შეხედა, თავისი დაჯღანული მოახლე მეუღლე, აღარაფრად მიიჩნია და მეზობლის გოგონასთან ერთად გადაწყვიტა ვენეციაში წასვლა. ქმრის ჩანაფიქრი მალევე გაიგო ცოლმა, არც აცია, არც აცხელა და დონა ბროსოს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, მანაც უმალ მიმართა სასამართლოს, მოახლის ქმარმა ჩემი სიმწრით დაგროვილი დანაზოგი (რამდენიმე ათასი ოქროს მონეტა) მომპარაო.
(ჯაკომო)
-თავად ის ვაჟბატონი თუ დაიბარეთ სასამართლოში?
(მოსამართლე)
-დიახ და ირწმუნება,  დონა ბროსომ თავად მაჩუქა ფულიო, არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ დამთავრდება, მაგრამ მე მოახლის და დონა ბროსოს მონათხრობი უფრო სარწმუნო მგონია, ამიტომ დღევანდელ ღამეს, ჩვენი მექალთანე საკანში გაათევს.
(გეორგიო)
-ისეთი დრო დაგვიდგა, ქალები ყველაფერს აკეთებენ კაცების გულის მოსაგებად, ხოლო კაცები, ყველაფერს აკეთებენ მდიდარი ქალების გულის მოსაგებად. თუმცა ლამაზი ქალი ისეთივე საშიშია როგორც, ღამის ტყეში დაგებული მგლის ხაფანგი, კაცებს მაინცს ძალგვიძს ბორბალი საჩვენოდ დავატრიალოთ. ალბათ ამიტომაც, დონა ბროსო, რომელიც საკმაოდ მიმზიდველი ქალია, ასე მარტივად გაება ცოლიანი მეთევზის ბადეში.
(პადრე ფერნანდო)
-რა უნდოდა, სულაც ცხოვრების ბოლომდე დარჩენილიყო მდიდარი ქალის მკლავებში, ხომ იქნებოდა თავისუფალი და უზრუნველყოფილი? მაგრამ არა, სიხარბე და მსუნაგობა ყოველთვის ღუპავდა და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დაღუპავს კაცს. მე, როგორც ღვთის კაცი, ვერ მოვუწონებ საქციელს, ალალი იქნება მისთვის რამდენიმე წლიანი კატორღა, აი ასე ემართება ადამიანს, როცა ღვთის ძღვენს ვერ შეირგებს, დონა ბროსო სწორედაც რომ ძღვენია.
(გეორგიო)
-რა ძღვენზე ლაპარაკობთ მამაო, არ დაგავიწყდეთ რომ მეთევზეს ცოლი ჰყავს, განა მრუშობა შეიძლება ღვთის ძღვენად ჩაითვალოს?
-შვილო გეორგიო, ყველაფერი ღვთის ძღვენია, რაც კაცს კარგად ამყოფებს და განცხრომის საშუალებას აძლევს. დონა ბროსოს ფულებით, უკეთესად არ აცხოვრებდა ოჯახს? ღმერთი გვეუბნება, თქვენც კარგად იყავით და არც სხვებს შეუშალოთ ხელი კარგად ყოფნაშიო.  დონა ბროსოსთან ყოფნით, ჩვენი მსჯავრდებული, დონა ბროსოსაც კარგად ამყოფებდა, საკუთარ თავსაც და შვილებსაც.
(მოსამართლე)
-მამაო თან ისიც არ დაგავიწყდეს, რომ მეთევზის ცოლს, მოახლეს, არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო, სანამ მისი ქმარი ვენეციაში გაპარვას არ განიზრახავდა.
(გეორგიო)
-ასეა ცხოვრება, როცა კაცს ფული მოჰქონდა, მაშინ, არც მრუშობა იყო მრუშობა, არც ქურდობა ქურდობა, როცა წასვლა გადაწყვიტა, მაშინ გახდა, ქურდიც, მრუშიც და ავაზაკიც. ისე ბატონო მოსამართლევ, თუ არსებობს ჩვენს კანონში, დანაშაულის დამალვის მსჯავრდება, იქნებ მეთევზის ცოლიც ჩაგეყუდებინათ, დარწმუნებული ვარ ქმართან ერთად დაგეგმა დონა ბროსოს გაძარცვის ამბავი და როცა მოვლენები არასასურველად განვითარდა, შურისძიება გადაწყვიტა. ამასთანავე მტკიცედ მჯერა, პატიოსანი კაცი ვერ განიზრახავს მავნებლობას, თუ დიაცის მხარდაჭერა არ აქვს.
(ჯაკომო)
-მართლაც, ქალს მოუხდენია ტროას ომი და ქალმა აჭამა ვაშლი ადამს... ისე არც იმას გამოვრიცხავ, რომ დონა ბროსომ მართლაც თავად აჩუქა ფული მეთევზეს და გაიგო რა, რომ მასთან დარჩენას აღარ აპირებდა, მოახლესთან შეკრა პირი  საყვარლის დასასჯელად.
(პადრე ფერნანდო)
-ძალიან რთული საქმე კი შეგხვედრიათ, ღმერთმა გამოგარკვევინოთ, მე კი ცოტა მომშივდა, ჯაკომო, დუქანში წადი და ცოტა რამე წამომიღე კუჭის მოსატყუებლად, გარეთ კარგი ჰაერია და მადიანად შევექცევი.
(მოსამართლე)
-წავიდეთ ჯაკომო, მეც დუქნისკენ მოვდივარ, არ მინდა დამაგვიანდეს, საქვეყნო საქმე წყდება.
-წავიდეთ...
(გეორგიო)
-მამაო, ამბობენ საფრანგეთის მეფე ლუი შეიშალაო, ხალხი შეშინებულია, ყოველ ღამე, მეფის გუშაგები, იპარებიან გლეხების სახლებში და ქალიშვილებს იტაცებენო. მართალია, ამის დამადასტურებელი არაფერი საბუთი არსებობს, მაგრამ თუ ეს ამბავი უბადრუკ იტალიელამდე მოვიდა, წარმომიდგენია რა მითქმა-მოთქმაა გამართული პარიზის ქუჩებში.
-ჭორები ყველას უყვარს შვილო ჩემო, მეტადრე მეფეებს, თუნდაც არაფერი იყოს საშიში, ხშირად ისე ხდება, რომ მეფის მსტოვრები ხალხში სხვადასხვა ხმას ავრცელებენ. ასე არ იყო რამდენიმე წლის წინ ფლორენციაში? ჯამბაზები დადიოდნენ და ამბობდნენ: შავი ჭირი იტალიის საზღვარს მოუახლოვდა, ვაი მას ვისაც პირველს დაადგამს თვალსო, იმ წელს მგონი მუცლის ტკივილსაც, არ შეუწუხებია არავინ, სამაგიეროდ ნერვიულობას გადაყვა, ნახევარი ქვეყანა. ყველა განცხადება გვეუბნებოდა: “ფული შევაგროვოთ საექიმო დარბაზებისთვის, როცა ჭირი მოვა გვიანი იქნებაო,“ განა იგივე არ დაგვავალა პაპმა? მთელი წელი ქადაგებაზე, მეტი არაფერი მიკეთებია, ვყვებოდი ზღაპრებს ბოლო ჟამსა და ციების საშინელებებზე, ვამბობდი უცნაურ ამბებს ციმბირელი წინასწარმეტყველების შესახებ, რომელთაც თურმე აპოკალიფსი დასიზმრებიათ. მართლაც შემოსავლიანი წელი იყო, მაგრამ როგორც ჩემმა ეპისკოპოსმა, ასევე საიდულოდ ჩამჩურჩულა, ვატიკანმა და რომმა ქონება ისე გაიყვეს, ერთი აგური არ დაუდიათ საექიმო ოთახების მშენებლობისთვისო. ხოდა არ გამიკვირდება, თუ მეფე ლუი საკუთარ თავზე თავად, ან თავისი ამალის დახმარებით თხზავდეს საშინელ ზღაპრებს, როცა ხალხს მეფის ეშინია, მლიქვნელობს, როგორც ქვემძრომი და მზად არის, საკუთარი ტყავის გადასარჩენად, მეზობლის ცხენი დაკლას და შებრაწოს.
-კი მაგრამ მამაო, მეფეებს ხომ უნდათ ისტორიაში შევიდნენ როგორც ღვთის შვილები? განა ლუის გაუხარდება თუ შვილები, მას როგორც მოძალადეს ისე მოიხსენიებენ? მითუმეტეს თუ  ეს ამბავი თავადვე შეთხზა?
-ლუი თავის ხალხს რასაც დაავალებს იმას დაწერენ, საკმარისია, თუნდაც ერთმა ადამიანმა თქვას რომ მეფე ქველია, ისტორია უმალ აიტაცებს მის გმირობებს, რა გგონია, შარლემანი ან როლანი იმის ნახევარნი მაინც იყვნენ, რასაც წიგნებში ვკითხულობთ? არსებობდა კამელოტი? მაინც ვინ იყო მეფე არტური? ძლიერები ქმიან აწმყოს, წარსულს და მომავალს, ჩვენ კი, უბრალო ხალხი, ღმერთმა მხოლოდ ტაშის დასკრავად, ან თავის მიწამდე დასახრელად შეგვქმნა. განა ყოველთვის  გვჯერა რასაც გვიყვებიან, მაგრამ გვინდა დავიჯეროთ.
-თავისუფალი კაცის  ფიქრი მონობაზე, პირველი ნაბიჯია მორჩილებისკენ. მე უბრალო ადამიანი, ვარ, არც ტაშს ვუკრავ და არც თავს ვუხრი ვინმეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მჯერა,  რომ უბრალო მოკვდავს შეუძლია გულწრფელად უყვარდეს მეფე, ისევე როგორც მეფე შეიძლება ზრუნავდეს თავის ქვეშევრდომებზე უანგაროდ. რა იქნებოდა მეფე ჩვენს გარეშე? უკაცრიელ ადგილას ყველა თავისთავად იქნებოდა მბრძანებელი, მაგრამ ქვემძრომები და ნადირები ვერასდროს მიხვდებიან მეფის ფასს. ჭეშმარიტი მეფის ცხოვრება ზრუნვა და ფიქრია, ხალხსა და ქვეყანაზე. ამით განვასხვავებ ტირანს - ცრუ მეფეს, ნამდვილი მეფისგან, იმ მეფისგან რომელზეც ქრისტემ თქვა ხარკი უბოძეთო. ტირანი საკუთარ ძალაუფლებაზე ფიქრში ათენებს და აღამებს, ის მხოლოდ მაშინ არის კარგად, როცა სხვის ტანჯვას გრძნობს, მხოლოდ მაშინ არის თავისუფალი, როცა სხვას იმონებს.
-ყოჩაღ გეორგიო, ბევრი გიფიქრია, მაგრამ აბა გაიხსენე, ვისმა ქვეშევრდომებმა გააკრეს ჯვარზე ქრისტე? იმ მეფის რომელსაც კანონიერად უხდიდა ხარკს ყველა, განა შეიძლება კეისარი უსამართლო ყოფილიყო? მისთვის ხარკის მიცემა, ხომ თავად უფალმა ბრძანა. მაგრამ შენ აქ ცდები, ყველა მეფე, თუნდაც უსაზღვროდ შეყვარებული საკუთარ ხალხზე, მხეცი ხდება, რა წამს მის მეფობას საფრთხე დაემუქრება, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი, ძლიერებას მუდამ სჭირდება დამტკიცება, განა სჭირდებოდა ალექსანდრეს აზიის მიწები, რომელსაც თავი შეაკლა?
-ალექსანდრეს დიდება უნდოდა, მე კი უბრალო მეფეზე ვსაუბრობ...
-უბრალო მეფეების დრო დიდი ხანია წარსულში დარჩა, დღეს მეფე რომელსაც არ აქვს მტაცებლის თვისებები, დედის მუცელშივე კვდება. რატომ დაუახლოვდნენ ჩვენი მბრძანებლები ეკლესიას? იმიტომ რომ ხალხის წყრომას აარიდონ თავი, გუშინ ბრძოლებში ათასობით უდანაშაულო დახოცეს, დღეს კი სანთელს უნთებენ წმინდა პავლეს. ხალხსაც ჰგონია, რომ მეფეებს ღმერთის წმინდანები ულესავენ მახვილებს, ხოლო სისხლი, რომელიც იღვრება ისეთივე საამურია როგორც ბურგუნდიული ღვინო გაზაფხულის დამდეგს.
-მიკვირს მამაო, ამდენს საუბრობთ მეფეების ავყიობაზე და თავად ისე ემორჩილებით მათ ბრძნებას, როგორც რომის პაპის შეძახილს საშობაო წირვაზე.
-რაც მე ვთქვი უბრალოდ ფაქტია და არსად მიხსენებია, რომ ეს კარგია, ან ცუდი, უბრალოდ ასეა,  მე არ ვქადაგებ მეფეთა სიძულვილს, რაღა დაგიმალო და ქრისტეს ეკლესია, კარგად ხეირობს ჩვენი დღევანდელი მბრძანებლებისგან და უწინაც არ უჩიოდა ბედს. იცი ყველაზე რთულად ჩვენი საქმე როდის იყო? როცა ტახტზე ისეთი მეფეები ისხდნენ, როგორსაც შენ ამბობ, ჩემმა ეპისკოპოსმა, საიდუმლოდ მითხრა, რომ თურმე საუკუნეების წინ, ერთი მეფის დროს, სახელი არ მახსოვს, სათითაო შემოწირული კაპიკი ითვლებოდა და საწყალი მოძღვრები დონ ჯოვანის ძროხებივით გაძვალტყავებულები დადიოდნენ, ეს არის საქმე? მე ასეთ მეფეს გაზულუქებული ტირანი მირჩევნია.
-ხო, მართალი ხართ, ყველა საკუთარ ტყავზე ზრუნავს, არადა ქრისტემ მრევლის წინამძღოლად დაგნიშნათ, თქვენ კი გაიძახით, ტირანი მირჩევნია, ტანჯოს ხალხი ოღონდ მე ვიყო მაძღრადო, ორმა ძმამ რომ ერთმანეთს სასიკვდილო ბრძოლა გაუმართოს, კი არ გააშველებთ, იმისკენ დადგებით ვისაც მეტი ქონება და ძალა აქვს.
-ასეც უნდა იყოს შვილო ჩემო, მდიდარი ძმის დახმარებით, კიდევ უფრო გავამშვენიერებდი ჩვენს ტაძარს.
-აქვს კი ფასი ოქროში ჩასმულ ტაძარს, როცა მისასვლელი გზები სავსეა მათხოვრებით... არ ვიცი, არ ვიცი...
(ჯაკომო)
-მამაო საჭმელი მოგიტანეთ, თევზია, ცოტა ხორცი და წითელი ღვინო,
-მუხლები ამტკივდა, წავალ სახლში შევჭამ, კალათაში ჩამიწყე.
-კარგად იყავი მამაო.
-კარგად შვილებო.
(გეორგიო)
-იცი რა არის ჩვენი უბედურება ჯაკომო? ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ იღებს ხმას. ყველა ხედავს რაც ირგვლივ ხდება და არავის უნდა იფიქროს, როგორ ხედავს ამ ყველაფერს სხვა. მე მეძინება ძალიან დავიღალე შენც წადი დაისვენე.
-კარგი, წავალ, ხვალ ადრე გავდივარ ზღვაში.

დარჩა გეორგიო ჭაში, არავის მოაფიქრდა ამოეყვანა, არც  უთხოვია...