Blog Archive

Saturday, November 6, 2010

ჯერალდ ნიუმანი - არაფერი (მეგობარს)



მე ძალიან მინდა მჯეროდეს ტყუილის,
რომელიც სრულდება,
გაზის კამერაში, ფობიებმა შემაწუხეს,
მღლის დაუსრულებელი კამათი შენთან,
და თემა,
რომელიც ჩვენს დაბადებამდე გაცვდა...

ბუზების ბზუილი, ნაბიჯებად მოდის გონებამდე,
თვლწინ მიდგას თეთრად დახაზული გზა,
მანქანის ფარები ხორკლიან ასფალტზე,
ნიშნები, წითელი ზოლები ტროტუარებზე,
გამვლელები,
დაბნეული სახეები და სიმპათია მზით არეკლილ გუბეში...

წვიმასავით გამქრალი სინამდვილე,
რაფაზე განაბული კატა, მწვანე თვალებით აკვირდება,
როგორ რწყავ, ყავისფერ ქოთანში ჩამალულ მიხაკს,
შენ რომ არა, ისიც,
ჩემსავით
მკვდარი იქნებოდა....

ჟანგიანი ლურსმნით მიმაგრებული დაუსრულებელი ნახატი,
მაგიდაზე მიმხმარი ყვითელი ფერი,
ძალიან დააკლდა შემოდგომის პეზაჟს,
ნუგეშია, პარკში მოსეირნე მოხუცი,
თეთრი პუდელი ცელქ ბიჭებს უყეფს...

წითელი სახანძრო მანქანა ,
გაუნძრევლად, მარტო, მოწყენილი,
მიშტერებია სარა ბერნარის პორტრეტს...


რადამანტისი უკვე მელოდება,
მხოლოდ ციფერბლატთან ვმეგობრობ,
გასული წუთები ფიქრებს ტკიპებივით ეკვრიან და ვხვდები,
რა გაუსაძლისია კედელზე მიმხმარი გაზეთი,
რომელიც საბნადაც არ გამომადგა,
შიშველი ვარ, ისევე როგორც შენთან,
მაგრამ აქ ძალიან ცივა...

გრაფიკებად გადატანილი ბედნიერების მაჩვენებელი,
მომღიმარი სახეები ტელევიზორიდან,
გვატყუებენ და,
ჩვენი მოლოდინი აშრობს ცრემლებს,
მდინარეები კი,
ისინი ისევ მიედინებიან,
აღმოსავლეთიდან დასავლეთით..

სატანა ხელებს ითბობს ჩვენი უსუსურობით,
ღაწვებამდე ჩასული მტვერი,
განძრევის საშუალებას არ აძლევს,
დაღლილ ქუთუთოებს,
ასეთ სიბნელეში არ არსებობს დროც,
სიყვარულსაც ჰქონია მიზეზი...

მესმის გაბმული ზარი,
ვიღაც უკვე ამბობს აღსარებას,
მიხარია, ჩემი რიგი არ მოსულა,
კეთრი მიჭამს ფეხებს,
კბილებიდან გაშავებული სისხლი მდის,
ვეღარ ვგრძნობ ხელებს მაგრამ მაინც,
მინდა სიცოცხლე...

ვიცი, ყველაფერი შეიძლება იყოს,
ს ხ ვ ა ნ ა ი რ ა დ..
ისე, როგორც შეუძლებელია,
მჯერა,
მხოლოდ მაშინ წამართმევს სიბრალული საკუთარ თავს,
როცა მარტოობა, ერთადერთი გამოსავალი იქნება...


გამარჯობა სარა, მე იანეკი ვარ,
მე ხვალ მოვკვდები...

No comments:

Post a Comment