Blog Archive

Tuesday, December 28, 2010

ჯერალდ ნიუმანი - აბზაცი



ის იშვერს თითს ჩვენკენ,
დაზაფრული ფოთლები მარტივად იქცევენ ყურადღებას,
პორტში ისევ ცლიან გემებს, მათი დროშები არ გავს ჩემსას.
ფერადკანიანი მეკობრეები ადიდებენ ღმერთს,
მე კი ვცდილობ, ვიპოვნო ჭეშმარიტება, ნიჟარის ექოში.

კიბერნეტიკულ მონსტრებს ემსგავსებიან სიტყვები,
შუაზე ხლეჩენ ახალგაზრდა ცნობიერებას,
ჯერ არნაშობ ოპტიმიზმტან ერთად თესავენ სასოწარკვეთილებას,
ოცნებების სამყაროში, რომელსაც ბოროტება ჰქვია.

მწვანე ცხოვების აქტივისტები საპატიო წრეს არტყამენ დედამიწას,
სადღაც ცენტრში კი, ორი ადამიანი,
ერთი ხელის ჩამორთმევით წყვეტს, რომელ საათზე გაიღვიძებს,
დარჩენილი ექვსი მილიარდი ხვალ.

ზეგ რადიოში გამოაცხადებენ რომ მე მოვკვდი,
ალბათ მოვისმენ, ყველაფერი ხომ პირობითია,
თუნდაც სივრცეში, რომელშიც არაფერი ჰგავს ერთმანეთს,
გარდა სურვილებისა და უფრო სპონტანურად გაჩენილი გრძნობებისა,
თვალთმაქცობის მარადიული წრებრუნვის ფონზე,
წარმატების ალბათობა ემსგავსება ფიგურას,
რომელსაც ბევრი საერთო აქვს ნულთან.

ის მაინც იშვერს თითს ჩვენკენ,
ვიყურები დასავლეთით, მზე ჩადის,
სხვა ცხოვრებაა ჰორიზონტს მიღმა,
უფანჯრო ოთახში ჩაკეტილი სამი ადამიანი,
ვერ ნახულობს საერთო ენას, სიჩუმე გამოსავალია მათთვის,
განსხვავებულ ენებზეც შეიძლება ლოცვა...

წარმატება ლურჯი კალმით ინიშნება , გაცვეთილ რვეულში,
სიმბოლოებით, რომლებმაც დიდი ხანია დაკაგეს მნიშვნელობა,
მხოლოდ ზოგი ფიქრობს მათზე...
წარსულთან, წითელი ცნობიერებით მიბმული ბიუროკრატია,
არ ცვლის ძველ ლოზუნგებს....

ოკეანის ინსტალაცია დახურულ სივრცეში,
სარკისფრად ირეკლება მუხის იატაკზე.
შენ აკაკუნებ ხის კარზე,
შენი მეორე ნახევარი კი ტელეფონის ხაზის სხვა მხარეს,
გაოგნებული უხსნის შვილს, რატომ მოკლა ქმარი,
(ისევ აკაკუნებ),
აქ არავინ გელოდა რამდენიმე წამის წინ,
მაგრამ გასროლა, რომელიც არაფრით აღემატება,
რამდენიმე გრამ ფოლადის ნაჭერს,
მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ჰიპოთეტური უკვდავება.

აქ ვარ,
მარათონის ველად ქცეულ ჯადოსნურ მთაზე,
მინდა თანაბარ ნაწილებად დავშალო ნიკელის სასწორი,
გადავწყვიტე დავწვა ყველა წიგნი,
ლაქებად დარჩება მოგონებები ხის პარკეტზე,
არაფრით შორდება მტვრის კვალი ძველ სათვალეს,
მე ეს ნაკლებად მაღელვებს,
ერთმანეთისგან კარგად ვარჩევ, რამდენიმე ფერს...


სიგარეტის ნამწვავები სინჯარაში პოულობს ღირსეულ ადგილს,
მაშინ, როცა ჩვენი ფილტვები,
მიკრომოლეკულების დონეზე აღიქვამს თითოეულ ცრემლს,
(რომელითაც)
იმედგაცრუებული ეფემერა,
ეჭვქვეშ აყენებს, მრავალჯერ ნაქადაგებ მომავალს...

მეცოდება ყველა, და მათთან საკუთარი თავი,
ვხედავ როგორ განიცდის გამადიდებელი შუშა,
საგაზეთო სტატიაში, წითლად მონიშნულ ყველა აბზაცს,
სემანტიკა,
რომელიც არაფერია სხვებისთვის,
ღვთაებრივ დატვირთვას იძენს,
მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგავს აზრს...
(ამაოა)
საკვამურიდან ამოსული კვამლი,
კლიშეებში ჩაკეტილი ჰაერი,
წვიმა,
დასიცხულ მიწა და თავისუფლება,
სამუდამო სამკალი, ან სამკაული,
განწირული დედამიწა გისოსებს მიღმა იხდის,
სამუდამო სასჯელს.


მარჯვენა ხელი თვითნებურად რთავდა არხებს,
მოვიჭერი,
მერე ჩაქრა შუქი,
სინდისის ქეჯნა იგრძნო შავ-თეთრმა ტელევიზორმა,
ვეცადე დამეკაკუნებინა სამოთხის კარზე,
მაგრამ,
მე არასდროს ვყოფილვარ ცაცია.

ჯერალდ ნიუმანი - Black n Red



ყველაფერი წითელი და შავია...

რატომღაც მაფიქრებს გამოუცდელი თვალების სიმშვიდე,
ფიქრებში ჩაძირული უმანკო ცნობიერება...
სანამ გარეთ ცივა, ჩვენ ვახერხებთ ვიყოთ მეგობრები,
გიყურებ და ვხედავ საკუთარ თავს,
ეგოისტური სიხარბით მოვდივარ შენკენ,
არ შეგიძლია უკან დახევა, არც ნაბიჯის გადადგმა,
წინ,
იქ, სადაც ჩემი სუნთქვა, შემაწუხებლად მოქმედებს,
"არაფერს" მიჩვეულ აურაზე...

ყველაფერი წითელი და შავია...

დგახარ ორ სამყაროსა და ჩემს შორის,
წასული მამის და ფიქრებით დამძიმებული წარსულის დასავიწყებლად,
სამუდამოდ უარობ დედის სითბოს,
ვერ ხვდები რა რთულია ბასის ხმაზე ქვითინის გარჩევა,
ან ცხვირიდან წამოსული ცხელი სისხლის შეკავება,
ჩვენგან მოშორებით, ვიღაცები ხმაურობენ,
მე ისევ გიყურებ...

წითელი და შავია ყველაფერი...

მომაბეზრებლად მეჩვენება,
გაფანტული გონება და სიგარეტის კვამლი,
სადღაც გამირბის კარს მიღმა დარჩენილი სამყარო,
ვეღარ ვაყურადებ სხვების ლაპარაკს,
გამომრჩა რას ეუბნებოდა მეგი ჯეკს,
ჩახუტებული წყვილი,
ბოთლი კოკა-კოლით იცხრობს ვნებას...

წითელი და შავია ყველაფერი...

გარეთ სიცივეა,
მე და შენ ისევ ვმეგობრობთ,
რამდენიმე სიმღერა დარჩა და,
იქნებ სადმე,
გასასვლელთან მაინც გავიგო შენი სახელი.


ყველაფერი გაშავდა,
ზოგჯერ წითელიც....

ჯერალდ ნიუმანი - Gender

ჰაპლო,
როდის იყავი ექიმთან?
საიდან დამრჩა ჯიბეში აბები,
ჯერ კიდევ გუშინ უნდა მომეცა შენთვის..
ბავშვი სკოლაშია,
გადახედე მის ცხრილს და მიხვდები,
მართალი ვარ, როცა მეშინია მისი გაშვება იქ,
სადაც სნობიზმი ჩვეულებაა და ცუდ მაგალითზე,
ასწავლიან სახარებას.

ჰაპლო,
გაუშვი ხელი პულტს,
არაფერი მოუვა, უბრალოდ,
იატაკზე გადმოცვივდება ელემენტები,
მე დავიხრები და ავიღებ, მალე დაგიბრუნებ,
შენ დაჯდები საწოლზე,
საათობით იჯდები ასე, საინფორმაციო გადაცემებზე მიჯაჭვული,
სანამ მე ვაშლის ნამცხვარს მოგიმზდებ.

ჰაპლო,
არასდროს დატოვო ონკანი ღია,
გარეთ ბავშვები თამაშობენ,
ყველას რაღაც აცვია, მაგრამ არავინ ატარებს წითელ ქურთუკს,
ახლა ხომ ზაფხულია,
მე გული მწყდება, რომ არ თოვს,
ფორთოხლის წვენი განსაკუთრებით გემრიელია,
როცა ფანჯრებიდან,
წყლის გაყინული წვეთი იპარება.

ჰაპლო,
დიდი მიწისძვრა, ვერასოდეს დააზარალებს თავისუფალ ადამიანს,
მენავე არასდროს იფარისევლებს ღია ზღვასთან,
არც მომაკვდავი იტყვის სიმართლეს უგემურ შოკოლადზე,
როცა თვალცრემლიანი მეუღლე,
აკანკალებული თითებით მიაწვდის მოტეხილ ფილას.
(ნუ ამთნარებ და მომისმინე, შეეშვი გაზეთის ფურცვლას)

ჰაპლო,
თვალები გიელავს, მაგრამ ვიცი გეძინება,
ოთხ დღეში ერთხელ, დანამდვილებით ვხვდები,
როცა ჰენრიეტე სახლში არ ბრუნდება, სად იქნება პოლი,
გაბრუებული ვაწვალებ ავეჯის კატალოგს,
და ვფიქრობ,
როგორი საწოლი მექნებოდა,
შენ რომ არ იყო ჩემი ქმარი.

ჰაპლო,
კომბოსტოს წვნიანი, საკმაოდ გემრიელი გამოვიდა,
მიყვარს ბუნებრივი მანიფესტები,
ჯანმრთელობის დამცველთა მიტინგები,
ცხოველთა საზოგადოებები,
ამ დროს ვხვდები, რამდენ ადამიანზე ჭკვიანები ვართ,
მე და შენ...
(განსაკუთრენით მარტის პირველ რიცხვებში)

ჰაპლო,
ჩვენი ბავშვი, პატარა ჰენრიეტე,
უკვე აღარ ცხოვრობს ჩვენთან,
მე აბები მოგეცი და ახლა,
საოცრად მყუდროდ ვგრძნობ თავს ამ სასაფლაოზე,
(ვერაფრით ვიხსენებ,
რატომ არ წახვედი ექიმთან, როცა მე ეს ძალიან მჭირდებოდა).

ჯერალდ ნიუმანი - ლოცვა არაბულად


დარჩენილი საჭმელი გამორთულ მაცივარში და,
მაგნიტით მიმაგრებულ ქაღალდზე,
მარჯვნიდან მარცხნივ,
ინგლისურად წაწერილი:
"დღეს ავფეთქდები.."

აჰმადი გაიზარდა აქ,
არაბულად მხოლოდ ლოცვა და,
რამდენიმე სიტყვა იცის,
ისიც წიგნებიდან...

ყოველ დილას,
მაშინ როდესაც მექა ეძახის,
საგულდაგულოდ გაშლილ
სპარსულ ხალიჩაზე,
ლურჯი ჯინსებით დამდგარი,
ჩუმად ბუტბუტებს,
შეჩერებული იორდანესავით ლამაზ,
ხუთი სიქველის სადიდებელს:
"რწმენა,
სიყვარული,
ერთგულება,
თავმდაბლობა,
სიმამაცე"...

ბავშვობის მეგობრები,
ცოლებით,
ქმრებით,
შვილებით,
მშობლებით,
ყველა ერთად დადის,
იელოუსტონში, ტრადიციულ პიკნიკზე....

აჰმადი მათთან არ არის,
დღეს...
ლარაც სახლში დარჩა,
მაცივარზე მიკრულ წარწერას,
მაშინ შეხედა როცა ჩაიდნიდან,
ცხელი წყალი გადმოუვიდა...

სუნთქვა თითქოს იმისათვის გააჩერა,
რომ წამით, იმაზე მეტი ეფიქრა, ვიდრე შეეძლო,
მაინც ვერ წარმოიდგინა,
რა უნდა ექნა, უვნებელ შავგრემან ბიჭს,
რომლისგანაც ჩასახული პატარა,
უკვე ურტყამდა ფეხებს ამერიკულ მუცელს...

ტელევიზორში მხოლოდ კვამლია,
მეზობელი ხმამაღლა უსმენს ბილი ჯოელს,
კაცი თეთრებში, გრძელ თითებს ისვამს ჭაღარა წვერზე,
ისიც აქ სწავლობდა...

ვერავინ, ვერსად, ვერასდროს გაიგებს,
რა მოხდა მაშინ,
როცა ყველა ერთად,
იელოუსტონის ჩრდილოეთში,
მოთხვრილი ხელებით ჭამდა,
აჰმადის ნაყიდ სოსისს...

მე სკოლაში მივდიოდი,
როცა ეს ამბავი პირდაპირ ეთერში ვნახე...

ჯერალდ ნიუმანი - Nabucco ჩემი სიყვარული





არასდროს დამავიწყდება,
გიყურებდი თვალებში, ვხვდებოდი დაიღალე...
შენ, მხოლოდ შენ და არავინ სხვა,
დადიხარ დაბერებულ უბნებში და არიგებ გაზეთებს,
ზოგი გიღიმის, ზოგს აღიზიანებს შენი თვალები...

ისევე ვგრძნობ, როგორ ავედი აივნიდან სახურავზე,
როგორ გადმოვაგდე ქუდი და დავიწყე სიმღერა,
ეს არ იყო წინასწარ, ან იმ წამს მოფიქრებული,
თითქოს მთელი ცხოვრება ვემზადებოდი ამისთვის...

(ვერ გამიგებენ)

შენ მომიტანე საღამოს გაზეთი, რომელიც უკვე წაკითხული მქონდა დილას,
ის (რაღაც) გულიდან მოდის და ხელების ცახცხახით გადაეცემა ყველას,
მაგიდის გადასაფარებელზე ვხედავდი ძველი მელნის კვალს,
ჩვენ, პატარები, ერთად ვწერდით პირველ სიმბოლოებს,
ერთად ვანაწევრებდით სამყაროს, რომელიც ისეთი ახალი იყო,
როგორიც არაფერი მას შემდეგ...


დრო,
თითქოს ერთია ყველასთვის,
მაგრამ მაინც დიდია ტყუპებიდან ერთ-ერთი,
მჯერა რომ, ფანქარი ხატვის დროს ხდება ფანქარი...

ყავაზე დაგპატიჟე დღეს...
თითქოს გეუცნაურა, სადარბაზოს კიბესთან ბევრჯერ გაგვიხსნია ლიმონათი ...
ნაოჭები გაგიჩნდა თვალებთან,
ტელეფონზე ვლაპარაკობდი და ვხვდებოდი რომ შენი ქერა თმა,
ურცხვად იფარებს ჭაღარას...

ყოველთვის მიგებდი ჭადრაკში,..
მე მუდამ პირველი ვიყავი სადილის რიგში,
როცა ომი დაიწყო, სამჯერ წავიკითხე ეპისტოლე დიოგნიტესადმი,
მერე ჩავრთე ეს წყეული რადიო,
თითქოს რაღაცას აცხადებდა, თან მკაფიოდ მესმოდა,
ათასობით ადამიანის ტირილი,
თითქოს შენც იყავი, ჩახშობილ ტალღებში...

ყავაზე დაგპატიჟე დღეს...

თითებზე გაკვირდებოდი და ვხედავდი,
რამდენი ჭუჭყი გროვდება ფრჩხილებში დილიდან საღამომდე,
მე კი, სიცოცხლიდან სიკვდილამდე მხოლოდ თმის დავარცხნას ვახერხებ...

შენ დადიხარ ქუჩაში, ყიდი გაზეთებს,
მე კი პირველად გავბედე ავსულიყავი სახურავზე და მემღერა ჩვენი სიმღერა,
ის ნამდვილად არ გამოდგება ამბოხის ჰიმნად,
უბრალოდ,
მე არ ვიცი შენი მისამართი...

ჯერალდ ნიუმანი- CCCP- 30



მე გადმოვვარდი ციდან,
მოსახვევებში სხვებთან ერთად ვიცვლი ტრაექტორიას,
აღარ არის ჩვენ დროს ბალახი, მხოლოდ მიწა, ან ასფალტი ...
ხელებს იქნევს სარეცხი აივნიდან ,
ჯიბეში მობილური ტელეფონი და მზესუმზირის პაკეტი მიდევს,
ვხუჭავ თვალებს,
ისე მაგრად რომ უკუნეთი სიბნელე სინათლით იცვლება,
ხორკლიანი საგნების მთელი წყება ჩადის, ხელიდან - მუცელში ,
ისევ გამიძლიერდა ასთმის შეტევა ,
ინჰალატორიანი ჩანთა იმედებს მიათკეცებს,
ცოტა მაწუხებს ჭარბი შაქარი ,
ვხვდები, დიდ ხანს ვერ გასტანს უბილეთობა,
წამწამებიდან, წამოყოლილ თოვლს ვიშორებ,
იქ წარსულია,
წინ - უპირობოდ ცუდი მომავალი,
რამდენ რამეზე ვიფიქრე,
მაგრამ მთავარი ჰომოფობიაში გადასული ქსენოფობიაა,
გონებაში გულის ჩატევა ისევე რთულია,
როგორც წყევლის პოზიტიურ ცნებებთან დაკავშირება,
ათასი მეტრი დარჩა,
ვხედავ ცისფერ ჩაფხუტიანებს და სიწითლეს,
რომელიც შარავანდედად დაყვება ყველას...

გამარჯობა! მე ატომური ბომბი ვარ..