Blog Archive

Monday, July 26, 2010

ჯერალდ ნიუმანი - მონოლოგი ყველაფერზე


დამჭკნარი კუპიურები და მე,
დიდი ცოდვის, პატარა ემერიტუსი,
ვცდილობ არ ჩავიხედო სარკეში,
პატივმოყვარეობა სენია, რომელსაც ვებრძვი.
არ მინდა  ძალადობა, 
სადღაც,
შეიძლება მიუღებელია სიცოცხლე სიკვდილის გარეშე,
მაგრამ არა აქ...
ნევროზად ქცეული ოცდამეხუთე კადრი,
მარწმუნებს: " აუცილებელია საშიში დოგმების დევნა."
ცეცხლითა და მახვილით განდევნილი ცინიზმი,
ამპარტავნებით მიბრუნდება უკან.

ლიბერტარიანელები გაიძახიან, მე კი მათ ვუშენებ სახლს,
რა აზრი აქვს სიცოცხლეს, თუ ჩემს გარდა, ყველა მოკვდება?
გარდაქმნების ხანაში ჰალუცინაციები მართავენ მსოფლიოს,
მე, პატარა ქვეყნის დიდი ემერიტუსი,
ვხვდები,
გლობალიზაცია და დანაშაული,
უპირობო ჰეგემონიისკენ მიათრევს დამძიმებულ დედამიწას,
მუდმივი შიში დრომოჭმული წესებით გვაცოცხლებს,
შეთანხმება,
რომელიც მხოლოდ ურთიერთგვემას ითვალისწინებს...



დიდი ხანია აფეთქებენ, ყველას და ყველაფერს,
ჩვენ არ გვაქვს ძალა ვებრძოლოთ უბედურებას,
აქტიურად ვამზადებთ ყულფებს, საკუთარი თავებისთვის,
დაქირავებული მესაფლავეები  მადლობას,  სიყვარულად გვითვლიან,
სხვისი წარმატებები,  საკუთარ იმედგაცრუებას გვახსენებს,
მოლოდინები აჭარბებს სურვილებს
ოცნებებზე მეტად, პურის გამხმარი ნაჭერი ფასობს,
ასე იყო და იქნება...
ეგოიზმი  სულიერ სიმშვიდეს, სამუდამოდ აქცევს ბრძოლის ველად...

მე კი, პატარა საფლავის დიდი ემერიტუსი,
ჩემს ცოდვებს, სიხარულით დაგიტოვებდით ყველას...

No comments:

Post a Comment