Blog Archive

Tuesday, January 26, 2010

ლოლა ლინი - მზე




                


        ხანდახან თვითონაც არ სჯეროდა,რომ ტყის განაპირას მდგარ ამ ქოხში მას აქეთ ცხოვრობდა, რაც ღმერთმა ცაში სანთელი დაანთო, რომელსაც ხალხმა ვარსკვლავი დაარქვა.

ახლა ამ ვარსკვლავებს ეშმაკიც ვერ დაითვლის...
-ხვალ მზე შენ უნდა ამოაგორო,შენი ჯერია, - სარკმელზე მიუკაკუნებდნენ ხოლმე.
ბოლოს აღარც აკითხავდნენ, ალბათ დაივიწყეს.

სახლამდე მიმავალი ბილიკიც მატიტელამ დაფარა.
ზამთრის ქარებს თოვლის ნამქერი, თითქმის საკვამურამდე აეკოკოლავებინა.
ქოხში ფერმკრთალ,  უძილო ვარსკვლავთა შუქი იღვრებოდა.
დრო ფრთებს ოდნავ არხევდა, შემდეგ  ჩერდებოდა, იყინებოდა.
შუაღამისას საკვამურში იქაური ჯადოქარი ხტებოდა- ბებერი, გონჯი დედაკაცი, სძულდა  ეშმაკს, რადგან ბებრუცუნა  ქაჩალ გორაზე ყურმოკრულ ამბებს, წამდაუწუმ გაიძახოდა, ქოხში ქარივით დაჰქროდა და აბლაბუდებს ფლეთდა. ახალშობილი, ვარდისფერთითება მზე კი უმისოდაც ამოდიოდა.
                  სანამ ეშმაკი წისქვილს მიაშურებდა და ბორბალს აამუშავებდა. ღარში მობუყბუყე წყალი თევზებს აფრთხობდა.დოლაბის ქვასავით მრგვალი, თეთრი მთვარე თავს ადგა უძრავ დედამიწას და ნება-ნება ირწევოდა.
,, მზის სხივი ხომ მხოლოდ მიმზიდველი ტალღაა,რომელსაც უცილოდ დაახრჩობს წყვდიადი,-ფიქრობდა ეშმაკი.- მაშ, რა აზრი აქვს თავგანწირვას, ცაში ატანას, თუკი  რამდენიმე საათში უკანვე ჩამოგორდება?   ამ ბრიყვებს  ჯერაც ეიმედებათ,სამყაროს ხელახლა შევქმნითო.
მართლაც,  სიბრძნის მარცვალს ვერ იპოვი დედამიწაზე..."

თამბაქოს სუნით რეტდასხმული ქარიყლაპიები,მდინარეში ხტებოდნენ.
მომწვანო ფერის კიბოები ფაცხაფუცხით ამოდიოდნენ თეთრ ქვიშაზე.

ერთხელ ეშმაკი ჭექა-ქუხილმა გამოაღვიძა. გარეთ ისეთი გრუხუნი ისმოდა,თითქოს ვიღაც,  ვეება ლოდებს აგორებდა.
,,ბერიკაცი ისევ აბუზღუნდა,-ჩაილაპარაკა ეშმაკმა.-ალბათ ვინმე ჩვენიანმა გააცეცხლა, ან დათვრა...
   სარკმლის მიღმა კი კოკისპირულად ასხამდა წვიმა,  ეშმაკმა გამხმარი ტირიფის ქვეშ შეყუჟული ცოლ-ქმარი დალანდა. კაცი მობუზული იდგა, ქალი ორსულად იყო, ხელები მუცელზე ეწყო და ხეს ეკვროდა, ეშმაკმა თვალები დახუჭა, მაგრამ მაინც ხედავდა ორსულ ქალს.  დაიხარა და მუცელივით მრგვალ დედამიწას შეეხო, იქაც  ფეთქავდა რაღაც, ტრიალებდა,სინათლისაკენ მიილტვოდა.
,,დედამიწაც ფეხმძიდედაა,-გაიფიქრა ეშმაკმა,-ნამდვილად ფეხმძიმედაა... ასეთ ავდარში გამხმარ ტირიფს ბრიყვი თუ შეეფარება"
რაღაცა ძალამ სარკმელი გამოაღებინა,  ცის ოხვრისა და წვიმის ბუტბუტუსთვის რომ ეჯობნა,ხმამაღლა დაიყვირა:
-ეი,ადამიანო! ვინ გასწავლა, ასეთ ამინდში თავი გამხმარ ტირიფს შეაფარეო?!
-მაშ რა ვქნა?-პირქუშად მიუგო კაცმა და ზურგი შეაქცია.
-რა ქნა და...შემოდი,-წუთის შემდეგ უპასუხა ეშმაკმა,რომელსაც ქალის მუცლისათვის თვალი ვერ მოეწყვიტა.-სანამ გამოიდარებდეს...

ის იყო სტუმრები ქოხში შევიდნენ,რომ უეცრად ქალს სახე ტკივილმა დაუმანჭა, წელზე ხელები იტაცა და ზღურბლზე ჩამოჯდა.
-დაეწყო!-შესძახა კაცმა და ცოლს ხელი შეაშველა.ისედაც დაზაფრული ახლა უფრო დაბნეულიყო.
,,რა ხმაურიანები არიან ადამიანები"-გაიფიქრა ეშმაკმა-,,რაც უნდათ ის ქნან" ჩაილაპარაკა და წინკარში გავიდა..
უეცრად ღამეული ხმები  შემზარავმა კივილმა ჩაახშო.
,,ასე ალბათ ჯოჯოხეთში ჩაყრილი ცოდვილებიც კი არ ყვირიან"  გაუელვა ეშმაკს,თვალი შეავლო ქალის გაოფლილ,გაყვითლებულ პირისახეს, დაკვნეტილ ტუჩებს,თმაში ჩაფრენილ დაკრუნჩხულ თითებს და უნებურად იგრძნო მეტს ვეღარ გაუძლებდა, თითქოს სადაცაა მას უნდა ემშობიარა.ანაზდად საკვამურში რაღაც გაჩხაკუნდა, ქოხში ეშმაკის ძველი ნაცნობი ბებრუხუნა გაჩნდა.
-როდესმე ქალი თუ მოგილოგინებია?-გახსნა ეშმაკმა გამშრალი ტუჩები.
-როგორ არა, ოღონდ დიდი ხნის წინათ, ახალგაზრდობაში,-აქაქანდა ბებრუხუნა-გგონია, მუდამ ასეთი საქვიშარი ვიყავი?ოდესღაც მთელი სოფელი...
-თუ რამე იცი,დააყენე საშველი,-გააწყვეტინა ეშმაკმა,თან ქალს გახედა.
განცვიფრებული, გაგულკეთილებული ბებრუხანა ქალთან მივიდა.მუცელზე ხელები დაადო,მერე სახელოები აიკაპიწა და ქალიც გაყუჩდა.
,,დედამიწასაც სტკივა,როცა მშობიარობს"-ფიქრობდა ეშმაკი და,ტანჯვისა და ტკივილის მიუხედავად,მშობიარე დედამიწის სიხარულსაც ცხადად გრძნობდა ახლა.

თეთრ ჭინჭებში გახვეული ციდა არსება,სანთელივით მშვიდად სუნთქავდა.ისეთი პაწაწკინტელა და უსუსური იყო ღიმილს ვერ იკავებდა ეშმაკი.
,,ნუთუ ამის გამო ღირდა ამდენი ტანჯვა?რა უგუნურები არიან ადამიანები..."-ახლაც ჩვეულებისამებრ უნდოდა გაეფიქრა.
მაგრამ ახლა სულ სხვა აზრი ჰქონდა.
,,დრო,წამი,ერთი ტალღა...თბილი ყოფილა",-ეშმაკმა მზერა მძინარე და დედის ბედნიერი სახისკენ გადაიტანა და მიხვდა,რომ ათასობით,მილიონობით მილიარდობით ისეთივე ციდა არსება,დედამიწიდან სინათლისკენ მიილტვის.
,,რამდენი არიან და ყველას მზე სწყურია,ყველა ელის,რომ გამთენიისას მზეს ცაზე ვიღაც ამოაგორებს."
მუხლები უკანკალებდა თითქოს,სევდანარევმა შიშმა  ყელში წაუჭირა.
თითქოს ის ელვა დაენახოს,ბერიკაცი მის ტირიფს რომ უმიზნებდა.
გარეთ გამოვიდა.ცა უზადო იყო,თეთრ დუმფარებს ჰგავდა ვარსკვლავები. აღარც წყალს აჩნდა მუქი ჭავლები.
,,ნუთუ გზა ამებნა"?_შეწუხდა ეშმაკი.აგერ,ათასი წელი მაინც იყო წისქვილს იქით ფეხი არ გაედგა.ანაზდად ჰორიზონტთან თვალი ჰკიდა სოსანისფერ ციაგს,თითქოს იქ ბროწეულის მწიფე ნაყოფი ეკიდა.ციაგი თანდათან ძალას იკრებდა,დედამიწის კიდეს წითლად ფერავდა.ერთბაშად დათბა. საკვირველია,მაგრამ ეშმაკს შიშიც არ გაჰკარებია,მაშინაც კი,როცა გაიფიქრა სადაცაა მზესთან პირისპირ დავრჩებიო.აღარსად იყო უწინდელი ეჭვი,აღარც შებინდებისას უფსკრულისფერ ბინდში გახვეული ბურთი აღარ იყო დედამიწა, ახლა მილიონხელა ეშმაკი,დაუნანებლად,მთელი არსებით მიილტვოდა სინათლისკენ. ,,აი სიცოცხლის უმაღლესი აზრი,_უკანასკნელად გაიფიქრა ეშმაკმა_მე კი მეგონა,რომ მზეს ხვალ ამომგორებელი არ ეყოლება მეთქი.
იცოდა ბერიკაცმა,რა როგორ იყო,როცა სამყაროს შექმნას ხელი მოჰკიდა."

3 comments: