Blog Archive

Tuesday, December 28, 2010

ჯერალდ ნიუმანი - ლოცვა არაბულად


დარჩენილი საჭმელი გამორთულ მაცივარში და,
მაგნიტით მიმაგრებულ ქაღალდზე,
მარჯვნიდან მარცხნივ,
ინგლისურად წაწერილი:
"დღეს ავფეთქდები.."

აჰმადი გაიზარდა აქ,
არაბულად მხოლოდ ლოცვა და,
რამდენიმე სიტყვა იცის,
ისიც წიგნებიდან...

ყოველ დილას,
მაშინ როდესაც მექა ეძახის,
საგულდაგულოდ გაშლილ
სპარსულ ხალიჩაზე,
ლურჯი ჯინსებით დამდგარი,
ჩუმად ბუტბუტებს,
შეჩერებული იორდანესავით ლამაზ,
ხუთი სიქველის სადიდებელს:
"რწმენა,
სიყვარული,
ერთგულება,
თავმდაბლობა,
სიმამაცე"...

ბავშვობის მეგობრები,
ცოლებით,
ქმრებით,
შვილებით,
მშობლებით,
ყველა ერთად დადის,
იელოუსტონში, ტრადიციულ პიკნიკზე....

აჰმადი მათთან არ არის,
დღეს...
ლარაც სახლში დარჩა,
მაცივარზე მიკრულ წარწერას,
მაშინ შეხედა როცა ჩაიდნიდან,
ცხელი წყალი გადმოუვიდა...

სუნთქვა თითქოს იმისათვის გააჩერა,
რომ წამით, იმაზე მეტი ეფიქრა, ვიდრე შეეძლო,
მაინც ვერ წარმოიდგინა,
რა უნდა ექნა, უვნებელ შავგრემან ბიჭს,
რომლისგანაც ჩასახული პატარა,
უკვე ურტყამდა ფეხებს ამერიკულ მუცელს...

ტელევიზორში მხოლოდ კვამლია,
მეზობელი ხმამაღლა უსმენს ბილი ჯოელს,
კაცი თეთრებში, გრძელ თითებს ისვამს ჭაღარა წვერზე,
ისიც აქ სწავლობდა...

ვერავინ, ვერსად, ვერასდროს გაიგებს,
რა მოხდა მაშინ,
როცა ყველა ერთად,
იელოუსტონის ჩრდილოეთში,
მოთხვრილი ხელებით ჭამდა,
აჰმადის ნაყიდ სოსისს...

მე სკოლაში მივდიოდი,
როცა ეს ამბავი პირდაპირ ეთერში ვნახე...

No comments:

Post a Comment