Blog Archive

Saturday, November 6, 2010

ჯერალდ ნიუმანი - WronG!

<<სახლი>>

არასწორია ჩემთან კამათი,
სავარძელს მიჯაჭვული თვალსაც ვერ გისწორებ,
აბები, ჩემი საუკეთესო მეგობარი
...და
ტელევიზორის პულტი,
რომელიც მეზიზღება,
მიზეზი?
ყველამ იცით, შენც, დედამაც,
მამამაც, ჩვილი დოდიც ხვდება მგონი,
ეს პატარა, შავი ნივთი,
ჩემზე საჭიროა...

<<სიყვარული>>

არასწორია, ბედნიერებაზე ლაპარაკი ჩემთან,
ფანჯრის რაფასთან გაჭირვებით მისული,
ამაოდ, მაგრამ მაინც,
ვცდილობ დავინახო,
როგორ ესაუბრება ელენა მეზობლის ბიჭებს,
ბავშვები ვიყავით,
მერე ყველა გაიზარდა,
მხოლოდ მე დავრჩი,
მარტო,
როგორც მაგიდის უკან გადავარდნილი,
გაფუჭებული მუხუდოს მარცვალი.

<<თავისუფლება>>

არასწორია, თავისუფლების ღირებულებაზე ლაპარაკი,
ოთხი კედელი და ერთი კარი მყოფს თქვენგან,
კარი, რომელიც ყოველთვის ღიაა,
მაგრამ ზღურბლი,
ის ძალიან მაღალია ჩემთვის,
"ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი, უფრო თანასწორი,"
მიყვარს და მეზიზღება ამ სიტყვების ავტორი,
ადამიანები სიცოცხლეს იხანგრძლივებენ,
მხოლოდ ქილიკით,
მაშინ,
როცა ვერავინ ხვდება, რომ ბედნიერება,
სულაც არ ნიშნავს,
სხვის გარდაუვალ უბედურებას.

<<თქვენ>>

არასწორია, მედლის გადმოცემა ჩემთვის,
როცა ოქროს გადადნობაში, თქვენი ბინძური ხელები ურევია,
მაშინ ჰავაიზე ისვენებდით,
ან თბილი სავარძლიდან, მკერდსავსე ცოლებთან ერთად,
უყურებდით საინფორმაციო გამოშვებას,
სადაც ჩვენნაირ ადამიანებზე დაგეშილი,
სტიმულატორებით გაბრუებული სიკვდილი,
არავის ინდობდა...
ისიც, ვიცი, როგორ გადართეთ სხვა არხზე,
როგორ ჩაილაპარაკა თქვენს გვერდით მყოფმა:
"ვინც გადარჩა კარგი პენსია ექნება, ვინც არა...
ის ხალხი, კარგი საბაბია, სხვების წასაყვანად."

<<და ბოლოს, ყველაფერი>>

არასწორია,
სიცოცხლე არასწორია,
როცა,
სწორი სინამდვილე,
არასდროს უკავშირდება,
თუნდაც არასწორ ბედნიერებას.....

Monday, July 26, 2010

ჯერალდ ნიუმანი - ლოლა და ორი სხვა







ედინბურგი


I


- შენ სხვანაირი იანი იქნებოდი
- რა თქმა უნდა, უფრო დიდი და ლამაზი,
- და უფრო სარკასტული
- სწორი შენიშვნაა.
- ვერავინ გაგაგდებდა სახლიდან, არც წერილებს მისწერდი ვინმეს.
- ხო, რა თქმა უნდა, მე უფრო მაგარი  ვარ, ვიდრე ეგ შენი იანი.
- არა,
- კი
- არ მომწონხარ მე შენ.
- არც მე მომწონხარ
- შენი დახრჩობა მინდა.
- მეც მინდა დამახრჩო, მიყვარს შენი პატარა ხელები.
- არასდროს შემიყვარდები.
- გინდა წავიდე? ვიცი არ გინდა მაგრამ, მაინც მიპასუხებ წადიო.
- ვერ გიტან, მაგრამ დარჩი,
- ყავა გინდა?
- ზოგჯერ შენთან ძალიან თბილა, მარტო მაშინ, როცა ასე მიყურებ.
- ხო, თბილა, თვეში ერთხელ, გაზის გადასახადს 28 ში ვიხდი.
- ისევ გააფუჭე ყველაფერი.
- რა რომანტიკაა, გარეთ არ წვიმს, ვერ ხედავ?

საწოლზე მიგდებული იან ანდერსონის ბიოგრაფიის ფურცვლა, იქვე წამოწოლილ სიამის კატა ჰამსუნსაც მოსწყინდა, სიყვარული ხანდახან ბევრ კითხვას აჩენს, თუნდაც ისეთს, რომელზე პასუხიც, არავინ იცის ღმერთის გარდა. როცა ყველა შეკითხვა იკარგება, რჩება მხოლოდ ერთი,
ხშირად ზედმეტი, არაფრისმთქმელი, მაგრამ მაინც, "თანახმა ხარ თუ არა? "

როგორც იქნა,  ეს საქორწინო კაბა, დედას ეცვა ჩემამდე, რა  ბედნიერი იყო ალბათ, მამაჩემს დღემდე შემორჩა ახალგაზრდული სიხალასე და ხიბლი , მე მგავს, ყოველთვის უფრო ახლოს ვიყავი მასთან, ქალბატონი მევერიკი ცოტა სნობია, ალბათ ოჯახიდან გამოჰყვა.

ეკლესია უკვე შევარჩიე, გზად ის პარკი უნდა გავიაროთ სადაც ბავშვობაში მე და მამა ვსეირნობდით, ახლაც არ სჯერა რომ გავიზარდე და მისგან მივდივარ, ხშირად ვსხდებოდით აი, იმ სკამზე, მეეზოვეებს ვესაუბრებოდით, ბატონი მევერიკი ტკბილეულს ყდულობდა, მე ზღაპრებს ვუყვებოდი, ყურადღებით მისმენდა, ისე, როგორც მამა ნიკოლასს უსმენენ მოხუცები,  საზეიმო წირვების დროს.

-ჰილდა, ყველაფერი მზად არის?
-კი, მაგრამ ჯერ ვერ გამრკვევია, რომელია უფრო ლამაზი, თქვენ, თუ დედათქვენი 25 წლის    წინ.
-რა თქმა უნდა ჩემი ლოლა უფრო ლამაზია, რა თქმა უნდა.
-დედა, დღეს ნამდვილად ჩემი დღეა.
- ხო, შვილო, ალბერი უკვე მზად იქნება ალბათ, ერთი სული მაქვს როდის გნახავ საკურთხეველთან.


ედინბურგს ერთი თვისება აქვს, აქ ყველას ენატრება ვიღაც, ან უბრალოდ უნდა რომ ენატრებოდეს, იმიტომ შეიკრიბა ერთად ამდენი გადარეული, მთელი მსოფლიოს სყვარული ვერ გადაწონის წითური შოტლანდიელების გიჟურ სურვილებს.

"ალბერ, წავედით სახლში, უკვე გვიანაა, დედა ინერვულებს." 
-დედა, მოვედი, დედა....

აღარც მახსოვს, როგორ ჩავარტყი ფაიფურის ვაზა დედას საყვარელს, ამაზრზენი სანახავი იყო სისხლში მოთხვრილი ბანჯგვლიანი მძღოლი, რომელსაც ალბათ ცოლიც კი არ კადრულობდა, არ დამავიწყდება როგორ ვეხუტებოდი ძიძას, "გულში ალბათ უხაროდა", ამას მერე მივხვდი, როცა გავიგე,  როგორ გადაბარგდა მამაჩემი საცხოვრებლად მასთან.

დავრჩი მარტო, დედა საერთოდ არ მელაპარაკებოდა, ბოლოს გალოთდა და კენტერბერის საგიჟეთში უკრეს თავი, დიდად არ განვიცდიდი, მიჩვეული ვიყავი საკუთარი ნერვების გამოცდას.
ოცდასამის ვიყავი როცა ოქსფორდის სამხატვრო სკოლა დავამთავრე და ლოლაც იქ გავიცანი, პრაქტიკული კურსის გავლისას, მოკლედ ტიპური სასიყვარულო ისტორია განვითარდა, ზუსტად ისეთი, როგორიც ბრიტანეთის მოსახლეობის 80 პროცენტისთვისაა დამახასიათებელი.
ამ ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი ჩემმა მშობლებმაც, დღეს პირველად და უკანასკნელად გავხდები ცოლიანი კაცი, მერე შვილები მეყოლება, იმდენი, რამდენსაც ღმერთი მომცემს,
50 წლის გავალ პენსიაზე და მშვიდად დავამთავრებ ცხოვრებას, სადმე, მანჩესტერის, ან პორტსმუთის მშვიდ უბანში.

"ლოლა, ალბერ, დღეიდან ცოლ-ქმარი ხართ უფლის წინაშე".



ედინბურგი მეორედ       

II      

ედინბურგის ცენტრი, სადაც ხალხმა თავისი ადგილი უკვე იპოვნა, ან დაეძებს მომავალი ბედნიერების დაკარგულ გასაღებს.  თითქოს ათპენსიანი მონეტასავით შეიძლება ჩამოვარდეს წართმეული სიყვარული, ან თუნდაც, მომგებიანი ლატარიის ბილეთი მდიდარი ვაჭრის საფულიდან და რიყის ქვებით გასუქებულ ტროტუარზე დაეცეს, თან ისე რომ, ხმაც კი გაიგონოს, აივნიდან მომზირალმა ოთხმოცი წლის მოხუცმა.

გამოფენები სავსეა უნიჭო მხატვრების ნამუშევრებით, თვალს თითქოს აღარც ენატრება ჭეშმარიტი, ხალასი ბრიტანული ფერწერული ტილოები, რომლებიც არასოდეს ყოფლა ისეთივე პოპულარული სნობურ საზოგადოებაში, როგორც იაფფასიანი ჰოლანდიელი მხატვრების უაზრო ნაჯღაპნები.


-უნდა წავიდე, ასე აღარ შემიძლია, რამდენი ხანი შეიძლება ერთი და იმავე სახის ყურება ყოველდღე, ბავშვი ვეღარც მცნობს ალბათ, ეს ნახატები მაინც იყიდებოდეს.
- კი მაგრამ, სად აპირებ წასვლას?  აქ ოჯახი გყავს.
-ოჯახი ? რა ოჯახი ? უნდა ნახო როგორ მხვდება ლოლა, ვიცი ყველანაირი იმედი დავუკარგე, რატომ დავიწყე, ეს ჭირია, რომელსაც ვერასდროს მოვიშორებ, არც ნებისყოფა მაქვს, მთელი ქონება ამ გალერეაში მაქვს ჩადებული, არადა ვის არგია? კვირაში ას ფუნტს თუ ვიშოვნი და ისიც წამალში მიდის.
-სად აპირებ წასვლას?
-ციმბირში. >>

"კენტრბერის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან  წერილი მოვიდა, დედაშენი გარდაიცვალა, პარაკევს დაკრძალავენ იქვე, ადგილობრივ სასაფლაოზე, ორშაბათს ადვოკატი ანდერძს წაიკითხავს."


ედინბურგს კიდევ ერთი ჩვევა აქვს, ადამიანი მდიდარი იქნება ის თუ ღარიბი, მორწმუნე თუ ათეისტი, ყველა თანაბრად აღიარებს კანონის უზენაესობას.

"ბოდიშს ვუხდი ალბერს, ჩემს ერთადერთ შვილს და მეუღლეს, რომელსაც არასდროს ვუყვარდი, ვიცი ჩემი პატიება არ შეგიძლიათ, მაგრამ მე ყოველდღე ვილოცებ თქვენი ბედნიერებისათვის."

<<-ციმბირში ? რატომ ციმბირში? ეს რა აკვიატებაა?
  - დედამ ბაბუას კუთვნილი რკინის საბადო დამიტოვა, წავალ ცოტა ხნით, დავხედავ, ხომ იცი,  აღარავის უნდა ჩემი გაძლება აქ.




  "წავიდეს დედა, წავდეს, ოდნავ მაინც რომ ვუყვარდეთ მე და სამუელი, სულ ცოტა მაინც რომ აღელვებდეს ჩვენი ბედი, აღარ გაეკარებოდა იმ საწამლავს, ჩვენს თავს თავადაც კარგად მივხედავთ, დაიღალა ბავშვი, მიკვირს როგორ ვერ ხედავ ამას"


დედა ალბერის წასვლის წინააღმდეგი იყო, აქამდეც გითხარით, ცხოვრებაზე ცოტა სხვანაირი შეხედულება ჰქონდა, ისევ სჯეროდა გადამლაშებული ფასეულობების, რომლთა გამოც ბედნიერებასაც კი დაუფიქრებლად დათმობდა.
მუშაობა დავიწყე, მამა დამეხმარა, ბევრი მეგობარი ჰყავს, ყველას ძალიან უყვარს, სპარსულს ვასწავლი გლაზგოს აღმოსავლური ენების ცენტრში, ყოველ დილას ერთი ბიჭი მხვდება, ისე მიყურებს თითქოს ძველი ნაცნობი ვიყო, ასეთი შეგრძნება აქამდე არ მქონია, ქმარს ცოტა ხნის წინ დავშორდი,რატომ ვფიქრობ ვიღაც უცნობზე? თან პატარა ჩანს ჩემზე. ძალიან უხდება შავი პალტო, მამასაც ჰქონდა ადრე ასეთი.

-მისს, მე რეინოლდი ვარ, თქვენ შეგიძლიათ რეი დამიძახოთ.
-რატომ უნდა დაგიძახოთ საერთოდ რამე? თუ ვერ ხვდებით აგიხსნით რომ ქუჩაში ვართ,
ავტობუსის გაჩერებაზე, დილის ცხრა საათია, ასეთ დროსა და ადგილას, არასდროს მიჩნდება საუბრის სურვილი, მითუმეტეს უცნობებთან.
-კარგით, მაპატიეთ, უბრალოდ ყოველდღე გხვდებით და გამარჯობის თქმა მომინდა.

შემეცოდა, ძალიან უხეშად მოვექეცი, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლებოდა, მე შვილი მყავს, ღირსეული ადამიანი ვარ, აბა რა გამოვა ყველა გამვლელს რომ გამოველაპარაკო?

-გამარჯობა რეი, მე ლოლა ვარ, მაპატიე, ცოტა დავიბენი გუშინ, იმედია არ გეწყინა.
-არა ლოლა, სასიამოვნოა შენი გაცნობა. 



ედინბურგიში კი, არაფერი იცვლება, ალბათ იმიტომ რომ ხალხი ისეთივეა როგორც ათასი წლის წინ, არავინ ფიქრობს უსაცვლებოდ სიარულს დადებითთან ერთად, რამდენი უარყოფითი მხარე აქვს.


ედინბურგი, მესამედ
III
                                                         

"ფრანგული იცი?
რამდენჯერ  გავიმეორო, ფეხსაცმელი შემოსასვლელში გაიხადეთ.
ფრანსუა, წყალი გააცხელე, ქალბატონი ლაკრუა მოდის".

გამორთე ტელევიზორი, არ მოგწყინდა?
მე ბარში მივდივარ, შვიდ საათზე მოვალ და ჭადრაკი ვითამაშოთ.

ჩემი მეგობარი ლოლა,
ყოველთვის ქუჩის კუთხეში მხვდებოდა, მაშინ არ ვიცნობდი.
საშინელი ქალაქია ედინბურგი, ვიწრო ტროტუარებზე რთულია შემხვედრს ისე ჩაუარო თვალებში არ შეხედო.
სახლიდან ერთად გამოვდიოდით, თითქმის ყოველთვის, ზოგჯერ აგვიანებდა, მაგრამ ველოდებოდი, ბოლოს სახელი ვკითხე,
დიდი ფიქრი დამჭირდა,ბევრი ვინერვიულე, მამაჩემიც ჩემნაირი მორცხვი იყო.

"ნამდვილი იდიოტია ეს კაცი, კიდევ კარგი ბავშვი დედას დაემსგავსა," - პირველად ეს ფრაზა გავიგონეთ კინოთეატრში.
მერე ვაკოცე.  ჩასუქებულმა კაცმა ეკრანიდან,  ხელი აიფარა ჩაცვენილ თვალებზე.

"არაფერი შეცვლილა, გაერომ  ძალა დაკარგა,  როგორც ერთა ლიგამ ერთ დროს, მსოფლიო ახალი საფრთხის წინაშეა, ჩვენი გადასაწყვეტია როგორ საუკუნეში ვიცხოვრებთ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენი მომავალი, ხმა მიეცით ტონი ბლერს, ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიას, გფარავდეთ უფალი" - ვფიქრობ და მიკვირს, როგორ არ მაინტერესებდა ეს ყოველივე მაშინ, კენტუკი სთრითზე. 604 ოთახის აივანზე.
ლოლას სიმაღლის ეშინია, მეოთხეზე ცხოვრობს...

ყოველთვის აქ მოვდივართ, კაფე ქუჩის ბოლოს, `Dead End  ასე ჰქვია.  მე ჩემი ხელფასით ვერაფერი ჯენტლმენი ვარ, ამიტომ არ მიყვარს უცხო ადგილებში სიარული,

ლოლა პატარა გოგოა, მერე რა რომ ათი წლით ჩემზე უფროსია.

-ბაბუაჩემი ჰიტლერის გენერალი იყო,
-ბაბუაჩემი სტალინის,
-ბებიაჩემი  ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი,
-ბებიაჩემი ებრაელია,
-მე უფრო ლამაზი თვალები მაქვს,
-მე აღარ გელაპარაკები,
-შენი ქმარი იდიოტია.

ჯიუტია, როცა ბრაზდება სიგარეტს ეწევა, იცის არ მიყვარს, მაგრამ მაინც, მე აივნიდან ვიფურთხები,
დაბლა ლოლას დეიდაა, შევრიგდით.


პირველად ამ ადგილას ვნახე, მახსოვს თევზები ზუსტად ასე იყურებოდნენ აკვარიუმიდან, ნახევრად სევდიანი თვალებით. მუხლებამდე კაბა ეცვა, მოკლე გეტრები,  გაჩერებამდე ვდიე,  ვითომ ვერ მამჩნევდა.

-დიახ, მეც გიყურებდი, არ უნდა შემომეხედა?
-უნდა შემოგეხედა აბა რა, ჩემზე უკეთესი ვინმე გინახავს?
-გგონია მომეწონე? შენი პალტო მომეწონა, უფრო სწორად მეცნო, მამაჩემს აცვია ზუსტად მასეთი, ჯარის დროინდელ სურათებზე.

მე ხომ ვიცი რომ მოვწონდი...

ბარში მივდივარ, მეგობრებს ვხვდები, რამდენი ხანია ბარმენთან ჯეიმს ჯოისის მიერ  ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილი არ აღმინიშნავს , ცნობისათვის, ჯოისზე ლაპარაკს ხუთი ჭიქის შემდეგ ვიწყებ, იშვიათად, მაგრამ  ფრანგულ მატერიალიზმამდეც მივსულვარ, რამდენიმე ასეთი შემთხვევა, სამუდამოდ დარჩა ჩემს შარვალზე.

მე, ჯეფრი და რალფი ბილიარდს ვთამაშობთ, მერე რა რომ თამაში არ იციან.

"მსოფლიო პოპის დედოფლის ტურნეს მოლოდინშია, მადონამ ეს-ესაა გამოუშვა თავისი ახალი ალბომი, რომელიც უკვე ჩაუდგა ბრიტანულ ჩარტებს სათავეში, მეორე ადგილზეა უაით სტრაიპსის სიმღერათა კრებული სახელად  Icky Thump, -როგორც მეგ უაითმა განაცხადა".. -  მნიშვნელოვანია, თუნდაც საერთოდ არ გაინტერესებდეს მუსიკა..

- ლოლა რომის პაპმა დამირეკა იცი ?
-რაო? რა უნდოდა?
-არაფერი, მოგიკითხა, ხო იცი მაგასაც უყვარდი ადრე.

"სიმთვრალეში ბოდვა, ჭკვიან ადამიანებს ახასიათებთ".

სამმა კაცმა ძლივს ამიყვანა კიბეზე, ჰაინრიხ ჰაინეს მეოთხე კრებული თითქმის მთლიანად გავიხსენე გზაში.

მაინც რამდენი მიზეზია იმისათვის რომ სახლში დარჩე......




"ფრანგული იცი?
რამდენჯერ  გავიმეორო, ფეხსაცმელი შემოსასვლელში გაიხადეთ.
ფრანსუა, წყალი გააცხელე, ქალბატონი ლაკრუა მოდის".

გამორთე ტელევიზორი, არ მოგწყინდა?

ყველაფერი აქედან დავიწყე, მგონი  წასვლას ვაპირებდი,  ალბათ გადავიფიქრე.
მაინც არ იციან ბილიარდის თამაში.

ეს ჩემი ოთახია, ეს ლოლაა, გარეთ,  შემოდგომა და ედინბურგი,  ისე იქცევიან, თითქოს წვიმა არ ენახოთ,
გვიყვარს წვიმის დროს ფანჯრის რაფაზე ჯდომა, გვიხარია როცა ჩვენი მეზობელის,  ქალბატონი როსის, ქოლგა სახლში რჩება,  სველი მეზობელი, ბატიბუტის სუნი და ჯერემი აირონსის დაჯღანული სახე, მარტო ამის გამო ღირს ამ ქალაქში ცხოვრება.

ბავშვი სკოლიდან არ მოსულა,
" ჩავალ ლიმონათს ამოვუტან, შენ სადილი მოუმზადე". -  უკვე დიდი ბიჭია, ჩემამდეც  დიდი იყო. 

სუპერმარკეტში ნაცნობი ქალი მუშაობს, ზანგია  შოტანდიური იერით.

-რა კარგია შენი ლოლა. როგორი ღიმილი აქვს, ბედნიერი კაცი ხარ შენ.
-მე რა, ცუდი ბიჭი ვარ სელინა?  ნუ გეცინება, მიასუხე.
-სამოცი ფუნტი,

კაცებს გასაგებია, მაგრამ ქალებსაც?

დაიბადა გლაზგოში, სადაც ყველა განათლებულია, სადაც უმიზეზოდ ქუდსაც არ გაიწმენდავს თავმოყვარე სკოტი,
მამა ბრიტანეთის არმიაში მსახურობდა, დედა არ ვიცი (მერე ვკითხავ)  გაიზარდა თუ არა  მაშინვე გამოჩნდა სემუელის მამა,
ხელმოცარული და მარად პერსპექტიული მხატვარი, რომელმაც რამდენიმე წლიანი ქორწინების შემდეგ, გადაწყვიტა ციმბირში წასულიყო, ბოროტი ენები იმასაც კი  ამბობდნენ იმპოტენტიაო, მაგრამ მე არ მჯერა, მაინც გადავამოწმებდი, მაგრამ როგორ.


ჩემი შვილობილი, ყველაზე მეტად უყვარს ლოლას.

ლიმონათი უკვე მაცივარშია, ბავშვი მაგიდასთამ მე ლოლას გვერდით,  გარეთ აღარ წვიმს,  ქალბატონმა როსიმ ახალი ნამცხვარი შემოგვიტანა.
-იქნებ მათემატიკაში დაეხმარო სამუელს?
-აუცილებლად, ოღონდ ჯერ ჩამეხუტე კარგი?

"მადონას მსოფლიო ტურნე გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო, Icky Thump ყველაზე პოპულარული ინგლისურენოვანი ალბომია, ტონი ბლერი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ხდება, ედინბურგის დროით სამი საათია."


ედინბურგი, უკვე მერამდენედ
IV                                                             



ვიცი, ახლა ერთად ვართ, მე და რეი, სემუელიც მიეჩვია, მაგრამ, ძალიან ენატრება მამა, ზოგჯერ ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, საერთოდ რომ არ გაესინჯა ის, თეთრი სიკვდილი,  ალბათ ისევ ერთად ვიქნებოდით, ის ნახატებს დახატავდა, მე ფინჯან ყავას მივუტანდი, მერე დავბერდებოდით, სემუელი ცოლს მოიყვანდა, ჩვენ სადმე მანჩესტერის, ან პორტსმუთის მშვიდ უბანში გავატარებდით ცხოვრების უკანასკნელ წლებს.

ედინბურგი, ყველას უყვარს ეს ქალაქი, მოულოდნელობებითაა სავსე, მზიც ამოსვლაც კი სხვანაირია, როცა დანამულ ფანჯარას გახედავ, არ იცი წვიმის წვეთი რამდენ ხანში ჩამოგორდება ბოლომდე, არც ის იცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ბედნიერება.

-მე ალბერი ვარ, შენ ალბათ რეი არა?
-ხო, რეი ვარ, რა გინდა ალბერ ?
-არაფერი რეი, შენი გაცნობა მინდოდა, უბრალოდ მაინტერესებდა, რატომ მოუნდა ლოლას შენთან, რას საქმიანობ რეი? დარწმუნებული ვარ მხატვარი არ ხარ.
-არა, მწერალი ვარ, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, შეგიძლია სემუელის სანახავად შემოიარო, მოენატრე ბავშვს.
-მეც ძალიან მომენატრა, ლოლაც უნდა ვნახო, განქორწინების საბუთებისთვის ხელი არც მოგვიწერია, ადვოკატი მელოდება.
-კარგი, როგორც გინდა, მხოლოდ საქმეზე.
-რა თქმა უნდა რეი, რა თქმა უნდა. 



და ბოლოს, ედინბურგი

V

არ ვიცი, რას ვფიქრობდი როცა ლოლას საყვარელი დავინახე, ცუდი ბიჭი არ ჩანდა, ცოტა პატარა იყო ასაკით, უბრალოდ გამიკვირდა, როგორ მოახერხა, ასე მალე მასთან დაწოლა, ორივე მომენატრა, როგორც იქნა მოვიშორე ეს საშინელი სენი, იმედი მაქვს გამიხსენებენ და ისევ მოუნდებათ ჩემთან, მე ყველაფერს ვაპატიებ, მეც ხომ ვუღალატე როცა პირველად გავიკეთე წამალი.


-შეურიგდი შვილო, რაღას ფიქრობ, ხომ ხედავ გამოსწორდა, რა გგონია რეი სამუდამოდ შენთან დარჩება? დაბერდები და წავა, ის ხომ შენზე ათი წლით პატარაა. მიეცი სემუელს საშუალება ნამდვილ ოჯახში იცხოვროს, შენ ხომ იცი მამა რამდენს ნიშნავს ბავშვისთვის.


მაშინ, გაჩერებაზე, ან კინოში, თუნდაც სახლში, არასდროს მეგონა თუ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა, dead  end ასე ერქვა იმ კაფეს, სადაც ყველაფერი მითხრა, მე მესმის, ლოლას არასდროს ვუყვარდი ისე, როგორც სემუელი, არც ისე როგორც ბატონი მევერიკი უყვარდა.  დღეს საღამოს  ბილიარდს ვითამაშებ ბიჭებთან, მერე ალბათ ბერძნულ დიალექტიკასაც შევეხები, ჯეიმს ჯოისზე ლაპარაკით დაღლილი. ამ დროს უკვე ერთად იწვებიან, ახლა უკვე მჯერა რომ "ჭორები ყოფილა" იმპოტენციაზე მოარული ხმები.


ედინბურგი, მიყვარს ეს ქალაქი, აქ ხომ ყველაფერი ტყუილია, ჩუქურთმებით მორთული შენობები მუდმივად თვითმკვლელობისაკენ უბიძგებენ გალეშილ შოტლანდიელებს, რომლებიც მათ მოწოდებას სიცილით პასუხობენ და ისე იგდებენ მასხრად, როგორც შექსპირი ეფერებოდა გარდაცვლილ ჯულიეტას, რომეოს სიზმარში.

ჯერალდ ნიუმანი - მონოლოგი ყველაფერზე


დამჭკნარი კუპიურები და მე,
დიდი ცოდვის, პატარა ემერიტუსი,
ვცდილობ არ ჩავიხედო სარკეში,
პატივმოყვარეობა სენია, რომელსაც ვებრძვი.
არ მინდა  ძალადობა, 
სადღაც,
შეიძლება მიუღებელია სიცოცხლე სიკვდილის გარეშე,
მაგრამ არა აქ...
ნევროზად ქცეული ოცდამეხუთე კადრი,
მარწმუნებს: " აუცილებელია საშიში დოგმების დევნა."
ცეცხლითა და მახვილით განდევნილი ცინიზმი,
ამპარტავნებით მიბრუნდება უკან.

ლიბერტარიანელები გაიძახიან, მე კი მათ ვუშენებ სახლს,
რა აზრი აქვს სიცოცხლეს, თუ ჩემს გარდა, ყველა მოკვდება?
გარდაქმნების ხანაში ჰალუცინაციები მართავენ მსოფლიოს,
მე, პატარა ქვეყნის დიდი ემერიტუსი,
ვხვდები,
გლობალიზაცია და დანაშაული,
უპირობო ჰეგემონიისკენ მიათრევს დამძიმებულ დედამიწას,
მუდმივი შიში დრომოჭმული წესებით გვაცოცხლებს,
შეთანხმება,
რომელიც მხოლოდ ურთიერთგვემას ითვალისწინებს...



დიდი ხანია აფეთქებენ, ყველას და ყველაფერს,
ჩვენ არ გვაქვს ძალა ვებრძოლოთ უბედურებას,
აქტიურად ვამზადებთ ყულფებს, საკუთარი თავებისთვის,
დაქირავებული მესაფლავეები  მადლობას,  სიყვარულად გვითვლიან,
სხვისი წარმატებები,  საკუთარ იმედგაცრუებას გვახსენებს,
მოლოდინები აჭარბებს სურვილებს
ოცნებებზე მეტად, პურის გამხმარი ნაჭერი ფასობს,
ასე იყო და იქნება...
ეგოიზმი  სულიერ სიმშვიდეს, სამუდამოდ აქცევს ბრძოლის ველად...

მე კი, პატარა საფლავის დიდი ემერიტუსი,
ჩემს ცოდვებს, სიხარულით დაგიტოვებდით ყველას...

Wednesday, July 7, 2010

ჯერალდ ნიუმანი - მე ჯეკი ვარ

შუადღე, 
ისეთივე, როგორც ოცი წლის წინ. 
მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო დედაჩემი, 
მამაჩემმა მიახრჩო, 
საწყალი მამაჩემი, ძალიან მიყვარდა, სახლიდან ისე წავიდა, არც დაუბარებია სად მიდიოდა, მკვდარი იპოვნეს ტემზაში, ცოტა ვიტირე კიდეც. 

მარტო დავრჩი.. 

მე უფრო მეტი ჭორფლი მაქვს სახეზე ვიდრე ვინმე სხვას, 
მე ჯეკი ვარ. 

ჩემი სკოლა, 
ეს ის ადგილია, სადაც მხოლოდ ღარიბები დაძრწიან, ყველას დიდი ტანსაცმელი აცვია და  ბოზი დედა ელოდება სახლში.

ეს პოლია, 
პოლს საერთოდ აქ აქვს ჭორფლი, იმდენჯერ მცემა დამვიწყდა კიდეც რომ ჩემი ძმაა. 

ამ ეზოში პირველად ვნახე ქალის შიშველი მკერდი, 
ყველას უყვარდა მის ადელაიდა, ჭეშმარიტი კათოლიკე, ასე თვლიდა მამა რენუარი, ის ხომ ყველაზე ხშირად უსწორებდა საცვლებს ჩემს ქერა მასწავლებელს. 

ახლაც შუადღეა, მე კი ჯეკი ვარ, 
პოლი არმიაშია, ჩაის ჭიქა ისევ ბოლომდეა სავსე, მე მაინც დავტოვებ ნახევარს. 

"დაიკარგა შავი ტერიერი, მპოვნელი დასაჩუქრდება,-  მის მარგარეტ ჰოლი" 


-მის ჰოლი, მის მარგარეტ ჰოლი ბრძანდებით? 
თქვენი ტერიერი ვიპოვნე, დიახ შავია,  8 საათზე ჰაიდ პარკთან, ნუ დაიგვიანებთ, შევთანხმდით... 

"დღეს ლონდონში იწვიმებს, ქუჩაში ისევ დაძრწის ვირთხების მეგობარი, ღმერთი გფარავდეთ." 

-თქვენ გეშინიათ მისი? 
-არა, არ მეშინია, რას ერჩის საბრალო ტაქსის მძღოლს. 
-მართლაც რას ერჩის, მართლაც არაფერს.. 
-სად მივდივართ? 
-ვიგმორ სთრითზე, ჰაიდ პარკთან. 

ბაღი, რომელიც სავსეა ჩემნაირი მათხოვრებით... 

ქუჩა დაიღალა დღით, ისვენებს, მარტო მთვარე, ისიც ჩუმადაა... 

ლამაზი გოგონა, 
როცა პირველად შევხედე,  თვალები უცინოდა კარგის მოლოდინით, 
ბოლოს, 
ორივე დავრწმუნდით რომ იმედი ყოველთვის ცრუობს. 


ჩემი მაჩეტე იქვე გავწმინდე, ლონდონში წვიმდა, ტერიერი ხის სკამთან ფსამდა... 


პოლი ომში მოკლეს, 

მე ჯეკი ვარ, 
დილის გაზეთისთვის ხურდა მჭირდება. 

გუშინ მიხაკები მივიტანე მამა რენუარის საფლავზე..

Thursday, February 11, 2010

ჯერალდ ნიუმანი - პერსევსი და ოქტავიუსი



ოქტავიუსი,
ტალაბუსის ძე, მონა ღვთისა,
ხელით პერსევსის განგმირული,
დაკრძალეს გუშინ,
ტიროდა ყველა, მეუღლე და შვილები გმირის,
მაგრამ უფრო კი, განიცდიდა მოხუცი დემნოს,
აქადელებთან მარცხის ფასი მან იცის უკეთ,
მაშინ ჯერ კიდევ იყო ბავშვი,
პირველად როცა,
ხელში მახვილი აიღო და წავიდა ომში,
თავსაც დადებდა ელადისთვის,
გულანთებული.


ოქტავიუსის სასახლე



(პირველი მრჩეველი)

ხვალ შევიკრიბოთ სათათბიროდ, დღეს დაიღალეთ,
გამოიძინეთ კარგად წყდება, აქ ქვეყნის ბედი,
ვინ უპატრონოს ნამუს ახდილს, ჩვენს წმინდა მამულს,
ვინ მოგვხდის სირცხვილ განგმირულის ძის ტალაბუსის.


(მეორე მრჩეველი)

რა დაგვაძინებს თავს ლაფ დასხმულს,
მგონი ახლავე, ჯობს გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი,
ზევსის შეწევნით!


(ჯარი)

წავდეთ, თავზე დავანგრიოთ, სასახლე პერსევსს,
ან დავიხოცოთ მასთან როგორც, კვდებიან გმირნი,
აისხით ხმალი და მიმართეთ, სპარტისკენ შუბი,
რად ღირს სიცოცხლე როცა თავზე დაგვჩხავის მტერი.

(დემნოს)

მე წავალ, ვიცნობ უკეთ თქვენზე, პერსევსის მიწას,
სიყმაწვილეში მიცხოვრია მახლობლად, იქვე,
ვერ იეჭვებენ ჩემს ჭაღარას დასდებენ პატივს,
შეპარვით მოვკლავ, იმსახურებს, თქვენ იცით კარგად.
რად გაგვიმეტა ასე მწარედ, ვერჩოდით არას,
თავს დაგვაყარა მიწა შავი, წაბილწა კარი,
არც ეს გვაკმარა და მახვილით, ჰეფესტოს ქმნილით,
გული გაუპო ოქტავიუსს ღმერთთა სწორ რაინდს.

(პირველი მრჩეველი)

რას იტყვით ხალხო, მართალს ამბობს, ბრძენია დემნოს,
თუმცა მიპარვა არ აქვს ჩვევად, ჩვენს დიად მოდგმას,
ვგონებ ამჯერად ვერ გავაწყობთ ვერაფერს ბრძოლით,
თუ ვეკვეთებით მტერს მრისხანეს, ურიცხვსა ველად.
ისევ დაგვაქცევს აატირებს გატანჯულ დედებს
და სამუდამოდ აგვიოხრებს შთამომავლობას.


(მეორე მრჩეველი)

რა ვქნა, არ მომწონს ჩანაფიქრი დემნოსის დიდად,
თუმცა სხვა გზასაც ვეღარ ვხედავ, ვიგუებ ამად,
დაე, აღსრულდეს სამართალი, ხელით სიმუხთლის,
მერე შევწიროთ მსხვერპლად ღმერთებს, ძღვენი დიდძალი.


(ჯარი)

დაე წავიდეს, გზას გილოცავთ მოხუცო ბრძენო,
თავადაც იცი, გვიმძიმს მარტო, გაშვება შენი,
მაგრამ ინება დიდმა ზევსმა, წადი მშვიდობით,
სასიხარულო ამბავს ელის, სამშობლო შენგან!


(დემნოს, გადის)

დარჩით მშვიდობით,
მე მივდივარ თქვენგან თუმც ვიცი,
გამარჯვებული დავბრუნდები, ან ჩემი სული,
სამარადისოდ დაიმკვიდრებს ადგილს ღმერთებთან!



ღამემ სიკვდილთან შეკრა თითქოს,
კავშრის ფიცი,
მგლების ყმუილი საფლავებზე, ისმოდა ნანად,
ტყის ბილიკიდან, მოხუცს ხმა და,
სიბნელე იხმობს,
ცუდი ჰაერი, ნისლთან ერთად, ამძიმებს ბალახს,
ჭაღარა დემნოს, ხელჯოხით და ხურჯინით ხელში,
ტოვებს ათენას მიწას მშობელს,
არ უნდა, მაგრამ,
შურისძიების წყურვილი კლავს,
თუნდაც ჰადესმა,
წყევლა აწიოს, მაინც მივა,
სახლში ამაღამ,
იქ სადაც ბუდობს ბოროტება,
თავად პერსევსი,
გულს განუგმირავს იმ მახვილით, რომელიც
უწინ,
ოქტავიანეს ეკუთვნოდა, ძეს ტალაბუსის.


(პირველი აქადელი)

ნეტავ ვინ მოდის, ამ დროს გზაზე,
არ სურს სიცოცხლე?
ცხენს მოაგელვებს თუმცა  მიწას,
არ ახლებს ფეხსაც,
თუ ეშმაკია შეგვიწყალოს, მაგრამ თუ კაცი,
დაემშვიდობოს სულს წაწყმედილს,
წავართმევთ ერთად.

(მეორე აქადელი)

ხო, ასე ვიზამთ დიდი ხანი არ არის რაც რომ,
პერსევს აუგად იხსენიებს ყოველი ქვეყნად,
მე მიხარია მის ქვეშევრდომს ვუწოდებ თავსაც,
რომ მოგვაშორა ოქტავიუს მრისხველი ჩვენი,
ახლა დავხოცავ ყველას ვინც აქ, შემოდგავს ფეხს და,
ჩვენ აქადელებს გაგვიბედავს რბევას სიმშვიდის.

(დემნოს)

ჰე, მანდ ვინა ხართ, დამენახვეთ, მოვდივარ დემნოს,
ნუ დამაყოვნებთ არ ვისურვებ ხელების გასვრას,
შვიდად გავივლი სახლში მელის მამა მოხუცი,
იყავით თქვენთვის, ნუ შერისხავთ თავს ჩემი რისხვით.

(პირველი აქადელი)

არ გვეშინია, დემნოს ვიცით გმირია მაგრამ,
ოქტავიანეს სულწაწყმედილს, გლოვობს ჯერ კიდევ.
სარეცელს უზის გარდაცვლილის ის ალბათ ახლაც,
შენ თვითმარქვია დაისჯები, ამისთვის მეტად.

(დემნოს)
სულწაწყმედილი მეფე არის. პერსევსი თქვენი,
აი, მიიღეთ გულს მახვილი, ძის ტალაბუსის.

(დემნოს  აქადელის გვამთან)

სულ პატარები ყოფილან ჯერ,
არც ჰქონდათ წვერი,
საიდან ზიზღი ესოდენი, ოქტავიუსის,
ალბათ ყოველი ამ მიწაზე, მტერია ჩემი,
უნდა ვიფრთხილო, მოვაჩვენებ თავს ბებერ კაცად,
მხოლოდ ლოცვა რომ დარჩენია ამ ქვეყნად სანამ,
წავა ჰადესთან, დაიმკვდრებს ქვესკნელში ადგილს.





სპარტას მახლობლად, სადაც ეშმაკს, ეძინა მუდამ,
სამოთხესაც კი აჯობებდა, ბაღი პერსევსის,
ქანდაკებები მოქანდაკემ აჩუქა ღმერთებს,
ათენას სცემდა თაყვანს უფრო,
სახლის ბატონი.
ეს ორი დღეა სისხლი მოდის თვალიდან ღმერთის,
უბედურება მოვა ჩვენთან, - ამბობდა მეტევს,
ქურუმთა სწორი, შელოცვებით ცდილობდა მუდამ,
ომად მოსული განედევნა,
ურიცხვი მტერი.


პერსევსმა იხმო ძენი თვისნი, მეუღლეც მათთან,
პირმშვენიერი იყო თალმოს,
მრჩეველი მისი,
ერთად შეკრიბა, დიდ დარბაზში, იქ დაჯდა თავად,
და მოწყნილმა, წარბშეჭმუხვნით დაიწყო ასე:
"თქვენ, ყველამ იცით, როგორ მიყვარს ქვეყანა ჩემი,
ჩემი ღმერთებიც მიმოწმებენ უხვი წყალობით,
მაგრამ  ისურვა ალბათ ნახვა ჩემი ჰადესმა,
ათენამ ჩემთვის თვალს აპკურა,
ცრემლები სისხლის.
არ ვიცი როდის, ან რომელ დროს წავალ იმქვეყნად,
მაგრამ მე ვგროძნობ კი, რომ სულ მალე დაგტოვებთ მარტო,
გულს ნუ მოიკლავთ, ნუ ჩაიდენთ მტრის გასახარად,
საქმეს ლაჩრულს და მხნედ იყავით ვით მამა თქვენი,
ახლა კი შვილნო მეამბორეთ, დამტოვეთ ცოლთან,
მინდა შევეხო წითელ ბაგეს, თუნდაც ბოლოჯერ."



ოიდიპოსის დროიდან და ვიდრე ამ დღემდე,
ბრძენ ბერებს უთქვამთ მუხთალია,
ყველაზე ქალი.
სულსაც გაყიდის, დათმობს ოჯახს, შეირცხვენს ნამუსს,
თავს დაიმცირებს,
გონს დაკარგავს ისედაც დახშულს,
თუ განადიდებს სულიერი, ვინმე მის სახელს.



ეწვია ჰერას, დემნოს ჩუმად, ოდნავ დარცხვენით,
ხელში ეჭირა თასი ოქროს, უკვდავებისა,
სახე შეჭმუხნა, თვალზე ცეცხლი აუკიაფდა,
პირი მოაღო, ნაოჭებმა დაუწყეს თრთოლვა:

(დემნოს)

"შენ დიდებულო დედოფალო, მშვენებავ ქვეყნის,
გულით ნატრულობს თავად მზეც და მნათობნიც ცისა,
შენს სილამაზეს მიეახლონ თუნდაც სულ ცოტა,
მაგრამ ზღვის წყალი ვერ გახდება საამო ისე,
როგორც წვეთები მომავალი მაღალი მთიდან.
სამწუხაროა, ვიცით ყველამ მოკვდავთა ბედი,
როგორც ყვავილი გაზაფხულის დაჭკნება ცხადად,
თვით სილამაზე ღვთიური და უნაკლო მიწის,
ვერ გადარჩება დროის ბრუნვას დაჰყვება უმალ,
ჩაგიცვივდება დედოფალო თვალები ლურჯი,
შენი ტუჩები, ტკბილი, როგორც ხილი ღვთიური,
გახმება, მკრთალად დაემჩნევა, სახეს გატანჯულს,
მკერდსაც დაატყობს თავის შავ ხელს, სიბერე თეთრი,
უკვდავი პერსევს, შენს სარეცელს დატოვებს შენთან,
მარტო დარჩები მომაკვდავი, ღამის ფიქრებთან!
გათავისუფლდი დედოფალო, განგმირე ქმარი,
სანაცვლოდ მოგცემ სილამაზეს მე მარადიულს,
შენს დასაპყრობად იომებენ ცაში ღმერთები,
არც გაიხსენებ შენ ახლანდელს, უბადრუკ წარსულს."

დაფიქრდა ჰერა, თვალზე ცრემლი მოადგა თუმცა.
მის ცრემლში იყო ნაპერწკალი სურვილის დიდი,
თმა გაიშალა, სარკეს თვალი შეავლო შორით,
ჭაღარა დემნოსს გაუწოდა ღვინო წითელი,
"დალიე დემნოს, დღეს დიდება მეწვია შენით,
გულს გაგიხარებს შურისგება როცა მამალი,
ცისკრის შეძახილს გააგონებს, სპარტელთა მიწას,
მოკვდება პერსევს, გარიჟაჟზე შეგხვდები კართან
და გადმომეცი მე სასმისი უკვდავებისა."



(დემნოს)
"დაე, აღსრულდეს სამართალი დიდო ღმერთებო,
ოქტავიანეს სული ბორგვას შეწყვეტს როდესაც,
პერსევსი თავად ჩააკითხავს ბნელ სამყოფელში,
ჰადესმა იცის, მის წინაშე მუხლს იყრის ყველა!
მამალმა თითქოს გლოვის ნიშნად,
იყივლა ადრე,
ათენას ქანდაკს, თეთრი ფერი ეცვალა წითლად,
წავალ, მივუტან იმ დედაკაც ამ ოქროს სასმისს,
იქნებ ოცნება სისხლით მოთხვრილს,
აუხდეს სიზმრად"



(სასამართლო)

"მე ვარ ერთგული პერსევსისა, მიხმობენ თალმოსს,
შვილივით მზრდიდა ბავშვობიდან,
ბატონი ჩემი,
რატომ მომასწრო დიდმა ზევსმა სიკვდილს მეუფის,
ნუთუ არ ძალუძს, გაცოცხლება მას გარდაცვლილის?
მის სარეცელის კართან მდგომებს მე მივუსწარი,
ქალს მოღალატეს, წყეულ ბერთან მოხუც დემნოსთან,
ხმალი ვიშიშვლე, ლომგულის გვამს ზედ დავაკალი,
შურისძიების სისხლში ვსვარე, მახვილი ჩემი."

(მსაჯული I)
"მსაჯულნო,
გჯერათ ნაუბარი, ვინმე თალმოსის?
მე ვგონებ არ ღირს, სიცრუეა, თქმული ყოველი,
ცხადად ჩანს როგორ, მხეცმა მოკლა, ჯერ დედოფალი,
მერე განგმირა, მამა ჩვენი, გმირი პერსევსი,
საწყალი ბერი, ალბათ ლოცვას ფიქრობდა, როცა,
გადაეყარა სისხლიანი, საზარი მკვლელი,
თქვით მსაჯულებო, რა მოელის, მუხთალ გამყიდველს?
გინდათ იცოცხლოს?
ანდა მოკვდეს შავი სიკვდილით?"


(მსაჯულები)
"მოკვდეს, მოკვდეს, მოკვდეს!
დაე აღსრულდეს ნება თქვენი,
სამართალი ხომ
ბრმა არის მუდამ,
მსხვერპლად შევწიროთ თემიდის სასწორს,
მოკვდეს! სიკვდილით მოკვდეს!





პერსევსი მოკვდა,
წაიყოლა თავისთან დემნოს,
ჰადესს ეახლა ორი გმირი,
ვინ იცის ერთად,
ოქტავიანე შეეგება,  ქვესკნელში მისულთ,
თალმოს ხელს დაჰბანს თავის ბატონს,
ალბათ იმქვეყნად,
არ იცის მტერი სიკვდილმა თუ,
იკრებს რაინდებს,
მამული ერთი მათთვის არის,
ჰქვია ღირსება.

Sunday, January 31, 2010

ჯერალდ ნიუმანი, ლოლა ლინი - ქაოსი ორში და პაჩი





საწოლი აღარ ჭრიალებდა...
კიდეზე ჩამომჯდარმა კაცმა არ იცოდა რა ექნა...
"მე ვარ მომავალი,მე ვარ წარსული და მე ვარ ბედნიერება,
წუთიდან წუთამდე, დღიდან დღემდე" - კითხულობდა ქაღალდზე გაკეთებულ წარწერას.

მაგვიანდება - წუხს ქალი.
ყელსაბამს ვერ პოულობს...
ის დაგვიანებას ვერ მოიშლის,ჰანსი ყელსაბამის დამალვას...
ეძებს, პოულობს იქ სადაც მისი ადგილია...
(ლამაზი ყელი აქვს).
“აი,სად ყოფილა”

ეს მანამდე იყო..

დღეს უკვე ჰანსი მიდის


ჩემოდნის ელვა მხოლოდ ნახევრადაა გახსნილი (და არა შეკრული), იქედან გადმოცვენილი ნივთები დერეფანში ყრია...
სცენარები,წერილები,ფეხსაცმელები...
ან რა აზრი აქვს ჩალაგებას?
ყველაფერი მაინც თავიდან დაიწყება.
(ჰანსს წესრიგი უყვარს,მაგრამ ორი ადამიანი ერთად, უკვე ქაოსია)

სარას ლამაზი თმა აქვს ( ზუსტად ისეთი, ჰანსს რომ მოსწონს)

"შენი მეგობარი ძალიან ლამაზია ჰანს",-ეუბნება თვითმფრინავში მჯდომი კოლეგა და ჩარჩოში ჩასმულ სურათს უბრუნებს.

-სარა? ხო, სარა ლამაზია...
გრძელი ფეხები აქვს და ისეთი დაბნეულია როგორც "გეტრზე" წასული თვალი.
საინტერესოდ იკოცნება, ხანდახან იკბინება, მაგრამ მაინც ტკბილია...
ხალი აქვს...
ბევრს ეწევა და ბევრ ყავას სვამს, ღამე საერთოდ არ სძინავს,ან ვინ დააძინებს...
ძნელია მისი გაგება, მაგრამ თუ გაუგე ყველაზე მაგარი ქერაა
მსოფლიოში..

სარა სავარძელში ზის კითხულობს, ხანდახან ტელევიზორს გახედავს, ზოგჯერ ჩაფიქრდება, ახსენდება ჰანსთან გატარებული დღეები, ღიმილი არ შორდება სახიდან.
ჩვენ მხიარულად ვცხოვრობთ...
კარის მეზობელი სულ გვითვალთვალებს...
მოხუცია და რა ქნას...

ჰანსი ქინძისთავს იღებს, კაბაზე უმაგრებს
-იცი ეს ქინძისთავი სულაც არ არის ბურგუნდიული ღვინის ფერი
-უბრალოდ ღვინისფერია?
-ხო,ეს ფერი გშვენის ...
(ისე იდებს ლოყაზე ხელს, როგორც ყოველთვის)
ხანდახან მიწაც ღვინისფერია და დახუჭული ქუთუთოებიდან დანახული დღეც.

ჰანსის მოწერილი შეტყობინება:
"ქუთუთოებიდან დანახული დღე?
საბნიდან დანახული  ნათურა როგორია?
იქნებ ზემოდან გრჩევნია ვაშლის გათლა?
სამსახურში ისე წახვედი საცვალი არ ჩაიცვი, ფაქსით გამოგიგზავნე და მოვიდა?
როცა არ მეძინება თვალებზე შენს ბიუსტების შემკავებელს ვიფარებ, მერე სიზმარშიც არ მასვენებ...
დიდი შრომა მიწევს, ბედნიერი შრომა"....

სარა ოთახში  დადის, მოუსვენრად და უმიზნოდ...
ხანდახან ნათურები გვბეზრდება, შუქი ყოველთვის არ არის სინათლე...
ვაშლის ნაფცქვენების წაღებაც უკვე ისწავლა პაჩიმ (ჰანსის ძაღლი)...
ის სულელია და მეტისმეტად ჭკვიანი თვალები აქვს...

ჰანსი, ის  სარასთან მიდის და ამბობს:
“როგორ მაგონებ იმ ზაფხულს სარა. შენი თმა, ის ჯერ კიდევ წითელი იყო. ძაღლი სულ დამავიწყდა, ვეღარ იძინებს საწყალი...
ჩვენი ყურებით ისეა გატაცებული და ატაცებული კატების დევნის თავიც არ აქვს"..





ჩამოვალ პარასკევს....
ჰანსი

შენი თვითმფრინავი უკვე ცაშია,მე აღარ ვაგვიანებ,ყელსაბამსაც არ ვიხსნი...
ხან ქოლგა არ მომწონს,ხან ჩემი კაბის ფერი, ხან ამინდი, მაგრამ შენ...
სანამ აეროპორტში წამოვალ ლარნაკი უნდა გავრეცხო...
მიყვარს ღამით ჩამოცვენილი ფოთლების აკრეფა...

ჩემს სულელ პაჩის ვერ ვაჩერებ.
შენი თვითმფრინავი უკვე მიწაზეა.

-მე და შენ სულ ერთად ვიქნებით
-ჰანს პაჩი?
-ხო, პაჩიც სარა, პაჩიც..









05.12.2009 21:23:14

Tuesday, January 26, 2010

ლოლა ლინი - მზე




                


        ხანდახან თვითონაც არ სჯეროდა,რომ ტყის განაპირას მდგარ ამ ქოხში მას აქეთ ცხოვრობდა, რაც ღმერთმა ცაში სანთელი დაანთო, რომელსაც ხალხმა ვარსკვლავი დაარქვა.

ახლა ამ ვარსკვლავებს ეშმაკიც ვერ დაითვლის...
-ხვალ მზე შენ უნდა ამოაგორო,შენი ჯერია, - სარკმელზე მიუკაკუნებდნენ ხოლმე.
ბოლოს აღარც აკითხავდნენ, ალბათ დაივიწყეს.

სახლამდე მიმავალი ბილიკიც მატიტელამ დაფარა.
ზამთრის ქარებს თოვლის ნამქერი, თითქმის საკვამურამდე აეკოკოლავებინა.
ქოხში ფერმკრთალ,  უძილო ვარსკვლავთა შუქი იღვრებოდა.
დრო ფრთებს ოდნავ არხევდა, შემდეგ  ჩერდებოდა, იყინებოდა.
შუაღამისას საკვამურში იქაური ჯადოქარი ხტებოდა- ბებერი, გონჯი დედაკაცი, სძულდა  ეშმაკს, რადგან ბებრუცუნა  ქაჩალ გორაზე ყურმოკრულ ამბებს, წამდაუწუმ გაიძახოდა, ქოხში ქარივით დაჰქროდა და აბლაბუდებს ფლეთდა. ახალშობილი, ვარდისფერთითება მზე კი უმისოდაც ამოდიოდა.
                  სანამ ეშმაკი წისქვილს მიაშურებდა და ბორბალს აამუშავებდა. ღარში მობუყბუყე წყალი თევზებს აფრთხობდა.დოლაბის ქვასავით მრგვალი, თეთრი მთვარე თავს ადგა უძრავ დედამიწას და ნება-ნება ირწევოდა.
,, მზის სხივი ხომ მხოლოდ მიმზიდველი ტალღაა,რომელსაც უცილოდ დაახრჩობს წყვდიადი,-ფიქრობდა ეშმაკი.- მაშ, რა აზრი აქვს თავგანწირვას, ცაში ატანას, თუკი  რამდენიმე საათში უკანვე ჩამოგორდება?   ამ ბრიყვებს  ჯერაც ეიმედებათ,სამყაროს ხელახლა შევქმნითო.
მართლაც,  სიბრძნის მარცვალს ვერ იპოვი დედამიწაზე..."

თამბაქოს სუნით რეტდასხმული ქარიყლაპიები,მდინარეში ხტებოდნენ.
მომწვანო ფერის კიბოები ფაცხაფუცხით ამოდიოდნენ თეთრ ქვიშაზე.

ერთხელ ეშმაკი ჭექა-ქუხილმა გამოაღვიძა. გარეთ ისეთი გრუხუნი ისმოდა,თითქოს ვიღაც,  ვეება ლოდებს აგორებდა.
,,ბერიკაცი ისევ აბუზღუნდა,-ჩაილაპარაკა ეშმაკმა.-ალბათ ვინმე ჩვენიანმა გააცეცხლა, ან დათვრა...
   სარკმლის მიღმა კი კოკისპირულად ასხამდა წვიმა,  ეშმაკმა გამხმარი ტირიფის ქვეშ შეყუჟული ცოლ-ქმარი დალანდა. კაცი მობუზული იდგა, ქალი ორსულად იყო, ხელები მუცელზე ეწყო და ხეს ეკვროდა, ეშმაკმა თვალები დახუჭა, მაგრამ მაინც ხედავდა ორსულ ქალს.  დაიხარა და მუცელივით მრგვალ დედამიწას შეეხო, იქაც  ფეთქავდა რაღაც, ტრიალებდა,სინათლისაკენ მიილტვოდა.
,,დედამიწაც ფეხმძიდედაა,-გაიფიქრა ეშმაკმა,-ნამდვილად ფეხმძიმედაა... ასეთ ავდარში გამხმარ ტირიფს ბრიყვი თუ შეეფარება"
რაღაცა ძალამ სარკმელი გამოაღებინა,  ცის ოხვრისა და წვიმის ბუტბუტუსთვის რომ ეჯობნა,ხმამაღლა დაიყვირა:
-ეი,ადამიანო! ვინ გასწავლა, ასეთ ამინდში თავი გამხმარ ტირიფს შეაფარეო?!
-მაშ რა ვქნა?-პირქუშად მიუგო კაცმა და ზურგი შეაქცია.
-რა ქნა და...შემოდი,-წუთის შემდეგ უპასუხა ეშმაკმა,რომელსაც ქალის მუცლისათვის თვალი ვერ მოეწყვიტა.-სანამ გამოიდარებდეს...

ის იყო სტუმრები ქოხში შევიდნენ,რომ უეცრად ქალს სახე ტკივილმა დაუმანჭა, წელზე ხელები იტაცა და ზღურბლზე ჩამოჯდა.
-დაეწყო!-შესძახა კაცმა და ცოლს ხელი შეაშველა.ისედაც დაზაფრული ახლა უფრო დაბნეულიყო.
,,რა ხმაურიანები არიან ადამიანები"-გაიფიქრა ეშმაკმა-,,რაც უნდათ ის ქნან" ჩაილაპარაკა და წინკარში გავიდა..
უეცრად ღამეული ხმები  შემზარავმა კივილმა ჩაახშო.
,,ასე ალბათ ჯოჯოხეთში ჩაყრილი ცოდვილებიც კი არ ყვირიან"  გაუელვა ეშმაკს,თვალი შეავლო ქალის გაოფლილ,გაყვითლებულ პირისახეს, დაკვნეტილ ტუჩებს,თმაში ჩაფრენილ დაკრუნჩხულ თითებს და უნებურად იგრძნო მეტს ვეღარ გაუძლებდა, თითქოს სადაცაა მას უნდა ემშობიარა.ანაზდად საკვამურში რაღაც გაჩხაკუნდა, ქოხში ეშმაკის ძველი ნაცნობი ბებრუხუნა გაჩნდა.
-როდესმე ქალი თუ მოგილოგინებია?-გახსნა ეშმაკმა გამშრალი ტუჩები.
-როგორ არა, ოღონდ დიდი ხნის წინათ, ახალგაზრდობაში,-აქაქანდა ბებრუხუნა-გგონია, მუდამ ასეთი საქვიშარი ვიყავი?ოდესღაც მთელი სოფელი...
-თუ რამე იცი,დააყენე საშველი,-გააწყვეტინა ეშმაკმა,თან ქალს გახედა.
განცვიფრებული, გაგულკეთილებული ბებრუხანა ქალთან მივიდა.მუცელზე ხელები დაადო,მერე სახელოები აიკაპიწა და ქალიც გაყუჩდა.
,,დედამიწასაც სტკივა,როცა მშობიარობს"-ფიქრობდა ეშმაკი და,ტანჯვისა და ტკივილის მიუხედავად,მშობიარე დედამიწის სიხარულსაც ცხადად გრძნობდა ახლა.

თეთრ ჭინჭებში გახვეული ციდა არსება,სანთელივით მშვიდად სუნთქავდა.ისეთი პაწაწკინტელა და უსუსური იყო ღიმილს ვერ იკავებდა ეშმაკი.
,,ნუთუ ამის გამო ღირდა ამდენი ტანჯვა?რა უგუნურები არიან ადამიანები..."-ახლაც ჩვეულებისამებრ უნდოდა გაეფიქრა.
მაგრამ ახლა სულ სხვა აზრი ჰქონდა.
,,დრო,წამი,ერთი ტალღა...თბილი ყოფილა",-ეშმაკმა მზერა მძინარე და დედის ბედნიერი სახისკენ გადაიტანა და მიხვდა,რომ ათასობით,მილიონობით მილიარდობით ისეთივე ციდა არსება,დედამიწიდან სინათლისკენ მიილტვის.
,,რამდენი არიან და ყველას მზე სწყურია,ყველა ელის,რომ გამთენიისას მზეს ცაზე ვიღაც ამოაგორებს."
მუხლები უკანკალებდა თითქოს,სევდანარევმა შიშმა  ყელში წაუჭირა.
თითქოს ის ელვა დაენახოს,ბერიკაცი მის ტირიფს რომ უმიზნებდა.
გარეთ გამოვიდა.ცა უზადო იყო,თეთრ დუმფარებს ჰგავდა ვარსკვლავები. აღარც წყალს აჩნდა მუქი ჭავლები.
,,ნუთუ გზა ამებნა"?_შეწუხდა ეშმაკი.აგერ,ათასი წელი მაინც იყო წისქვილს იქით ფეხი არ გაედგა.ანაზდად ჰორიზონტთან თვალი ჰკიდა სოსანისფერ ციაგს,თითქოს იქ ბროწეულის მწიფე ნაყოფი ეკიდა.ციაგი თანდათან ძალას იკრებდა,დედამიწის კიდეს წითლად ფერავდა.ერთბაშად დათბა. საკვირველია,მაგრამ ეშმაკს შიშიც არ გაჰკარებია,მაშინაც კი,როცა გაიფიქრა სადაცაა მზესთან პირისპირ დავრჩებიო.აღარსად იყო უწინდელი ეჭვი,აღარც შებინდებისას უფსკრულისფერ ბინდში გახვეული ბურთი აღარ იყო დედამიწა, ახლა მილიონხელა ეშმაკი,დაუნანებლად,მთელი არსებით მიილტვოდა სინათლისკენ. ,,აი სიცოცხლის უმაღლესი აზრი,_უკანასკნელად გაიფიქრა ეშმაკმა_მე კი მეგონა,რომ მზეს ხვალ ამომგორებელი არ ეყოლება მეთქი.
იცოდა ბერიკაცმა,რა როგორ იყო,როცა სამყაროს შექმნას ხელი მოჰკიდა."

Monday, January 25, 2010

დადუ დადონი - ბოლო კადრები როზმარი ბატსონის ცხოვრებიდან

"All the lonely people, where do they all come from, All the lonely people, where do they all belong".       -

The Beatles







         ჩვეულებრივად გათენდა 905 S Pollard Street-ზე, სადაც როზმარი ბატსონი მარტო ცხოვრობს ორსართულიან სახლში.
 ქვრივია. ქმარი ოცდაათი წლის წინ გარდაეცვალა და ამბობენ, რომ მისი სიკვდილის შემდეგ კაცი აღარც ჰყოლია, თუმცა, ვინ იცის. ძაძებით მოსილი ქალია. არც ისე მშვიდად იღვიძებს დილით დასრესილ საწოლში. არითმია აქვს. ხელმარჯვნივ, ტუმბოზე უამრავი წამალი უწყვია ჭიქა წყლით (მთელი ღამით ნადგომ წყალს პატარა ბურთულები ადგას ჭიქის ნაპირებზე).
        ამ დილითაც ჩვეულებრივ იღვიძებს. თვალებს ახელს, რაიმე საშინელი სიზმარი თუ ნახა კვლავაც. ხელის ფათურით იღებს ჭიქას და საჭირო წამლებს ეძებს. ბალიშების მეშვეობით ზემოთ იწევა და დანაოჭებული თითებით აბებს ღრმად იტენის ხახაში, რომ სულმოუთქმელად გადაყლაპოს.  ჭიქას ადგილზე აბრუნებს. თავს უკან აგდებს და თვალებს რაც შეიძლება მაგრად ხუჭავს, -ღრმა ამოსუნთქვით.
         კედლისკენ ძილი არასდროს ყვარებია, მაგრამ, რაც ქმარი მოუკვდა მას შემდეგ MR. ბატსონის ადგილზე სძინავს. ამბობდნენ ძალიან უყვარდათ ერთმანეთიო, შვილი კი ვერა და ვერ შეეძინათ. ახალგაზრდა როზმარი ლამაზი არა, მაგრამ მიმზიდველი ქალი ყოფილა. არ ვიცი მიმზიდველს რას ეძახდნენ მის ახალგაზრდობაში ან მისი თაობის ადამიანები, მაგრამ ახლა მიმზიდველის არაფერი ცხია; 15-20 წუთი წევს გაუნძრევლად, წამლების დალევის შემდეგ. გეგონება მიიცვალაო. ფერმკრთალი სახე აქვს და ჩავარდნილი, ცისფერი თვალები, რომლებიც ასაკთან ერთად სულ უფრო გაუღიავდა. ტუჩები აღარც ეტყობა, ნაოჭებმა სულ დაუღარა ცხვირიდან- ნიკაპამდე, ფერიც წაართვა. 15-20 წუთი გადის. წამლებიც მოქმედებენ. როზმარიც ნელ-ნელა დგება. ოქროსთავიან ჯოხს ხელს აჭდობს და დაკუჭულ ფეხებს ფუმფულა ჩუსტებში აცურებს. მთელი ძვლებით ეყრდნობა ჯოხს, წამოდგომის შემდეგ მცირე ხნით კვლავ ჩერდება (როგორც ჩანს, თავბრუსხვევა აწუხებს).
       აუჩქარებლად, ნელი ტემპით საპირფარეშოში გადის. ხელ-პირს იბანს. მცირე ხანში კვლავ ოთახში ბრუნდება და სარკესთან ეშვება. ერთხანს უხმოდ უყურებს საკუთარ გამქრალ ნაკვთებს, თვალებში უყურებს საკუთარ ორეულს და არც კი სუნთქავს. შემდეგ მზერა MR. ბატსონის და თავის ფოტოზე გადააქვს და წყლიანი თვალებით იწყებს ყოველდღიურ ტუალეტს: ჯერ დიდი რაოდენობით კრემს იზელს ჩამორეცხილ ლოყებზე. თეთრი მასა ნაოჭსა და ნაოჭს შორის რჩება. მათ გასანეიტრალებლად მონდომებით შლის და კეცავს ღაწვებს ხელისგულებით. ახლა დიდ ფლაკონს ხსნის, სადაც სურნელოვანი თეთრი პუდრა აქვს. თვალებს ხუჭავს, ტუჩებს კუმავს და მთელ სახეზე, უხვად იცლის ჰაეროვან მასას. (ისედაც გაფერმკრთალებული ქალი მიცვალებულს ემსგავსება სრულებით) თვალებს ახელს, ტუჩებს ადუნებს და სახეზე ღიმილი ეფინება, თითქოს გაახალგაზრდავდაო, (ალბათ ასე ეჩვენება). ხელის გულებს ერთხელ კიდევ ისვამს სახეზე და შემდეგ ერთიანად სულს უბერავს მაგიდას. ახლა ბოლო შტრიხებიღა დარჩა: წითელი პომადა და საყვარელი სუნამო, რომელიც აგერ უკვე 20 წელი იქნება არ გამოუცვლია. ტუჩებს მცირედი ფერი ეძლევა და როზმარი ბატსონიც კმაყოფილია. დილის ტუალეტი დასრულებულია. მაჯებზეც საყვარელი სუნამოს არომატი აქვს, რომელიც უფრო წლებში გამჯდარ სუნს გაგონებს ამ ადამიანის სახით, სუნამოს სასიამოვნო ეფექტამდე თუ ყველაფერი არა, ძალიან ბევრი უკლია… როზმარი დგება და კარადასთან მიდის, რომელიც სავსეა წლების მანძილზე ნაგროვები შავი კაბებით. ერთი შეხედვით, თითქოს ყველა ერთნაირია: გრძელი, დახურული, შავი, მაგრამ თუკი უკეთ დააკვირდები შეამჩნევ, ზოგი ყვავილებით არის გაწყობილი, ზოგი ნაქარგებით, ზოგს მძივები აყრია. ერთ-ერთ კაბას ირჩევს კარადიდან და საწოლზე აფენს აკურატულად. შემდეგ ღამის პერანგს იხდის ნაზად, რათა სახე არ შეახოს. ლამაზად კეცავს და ბალიშის გვერდით დებს. იღებს შავ ჩულქებს, გაცრეცილ, შავ ლიფს და თავის დამჭკნარ მკერდს შიგ ათავსებს. ბოლო-ბოლო კაბის ჩაცმაზეც გადადის და დიდი სიფრთხილით ყოფს თავს საყელოში (რათა არ დასვაროს). შემდეგ უკანა ღილების შეკვრას იწყებს. საგრძნობლად უჭირს. განსაკუთრებით წელს ზემოთ, ხერხემალთან, მაგრამ მაინც ბოლომდე მიყვება. ახლა დაბალქუსლიანი ლაქის ფეხსაცმელები გამოაქვს საწოლის სიღრმიდან და მშვიდად კრავს გადასაბნევს ორივე ტერფზე. შემდგომ დგება, გასაღებს იღებს, ოთახიდან გადის და კარს კეტავს. მეორე სართულიდან კიბეებზე ჩადის ჯოხით ხელში (დიდი სიფრთხილით). რა ხანია სურს საძინებლის პირველ სართულზე გადმოტანა, მაგრამ ვერ ელევა თავის ოთახს. ბოლო საფეხურსაც ჩადის და ვინ იცის, გულში უხარია, რომ არც დღეს დაგორდა კიბეებზე და კვლავ ცოცხალია.
         კართან მდგომი საკიდიდან შავ შლიაპას, შავ ქოლგას და შავ ჩანთას იღებს და მშვიდად გადის სახლიდან. ჯერ გზად, Pollard Street-ის 901-ში საფუნთუშეში ისაუზმებს ჩვეულებისამებრ და შემდეგ ბიბლიოთეკაში წავა.- დილიდან სურს ჯეინ ეარის უკვე მე-12დ გადაკითხვა. სახლში ვერ კითხულობს, ბიბლიოთეკაში სხვა გარემოა. აუღელვებლად მიაბიჯებს ნისლიან დილით, ქოლგით ხელში… როზმარი ბატსონი ისევე მშვიდად მიიცვალა ბიბლიოთეკის სკამზე, როგორ მშვიდადაც ამ ყველაფრისთვის მთელი დილა ემზადებოდა. იგი ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. დასაფლავებაზე ზუსტად ხუთი ადამიანი მივიდა: მამაო -გრეგორი, მეფუნთუშე -გორდონ ბაკლი, ბიბლიოთეკარი- შერი როჯერსი, მისი მეზობელი -ჯოანა პრესკოტი და მომვლელი ქალი- ლუსი. არავის უტირია, მშვიდად წავიდა ამ ცხოვრებიდან. უკვე აღარავის ახსოვს 905 S Pollard Street-ზე მცხოვრები ქვრივი,- როზმარი ბატსონი.

Thursday, January 21, 2010

დადუ დადონი - გაკვეთილი


        ერთ საღამოს დრო შინ გვიან დაბრუნდა. წამი მოიხადა- საკიდზე მიაგდო, წუთი გაიხადა, დღეები საწოლთან მიყარა, საათი, კვირა, თვე და წელიწადი რიგ-რიგობით გადაკიდა სკამზე და საუკუნის ამარა საწოლში შეწვა. შეწვა და ღრმა ძილით ჩაეძინა. დრო დაიღალა. დრო გაჩერდა, დრომ დაიძინა...
. . . ფართო საკლასო ოთახში წელში მოხრილი, დაბერებულ-დანაოჭებული, ათასგვარ ძონძით შეფუთული შემოვიდა. ხელში ჟურნალი ეჭირა და ტაატით მიაბიჯებდა თავისი მაგიდისკენ. მოწაფეები ფეხზე წამოდგნენ.
-დასხედით!
 მერხებისა და სკამების თანადროულმა ჭრიალმა ყურთასმენა წაიღო. შემდეგ ისევ ჩაწყნარდა ყველაფერი.
          მასწავლებელმა ჟურნალი გადაშალა, სათვალე მოიმარჯვა და სიის ამოკითხვას შეუდგა:
-აბაშიძე მიხეილ.
-ვარ.
         მერხი კვლავ გაჭრილდა და მეორე რიგის ბოლოდან ახმახი მამაკაცი წამოდგა.
 -ხარ თორე შენც ახლა, წინა კვირის ორიანი გაქვს გამოსასწორებელი, გახსოვს?
 -კი, მახსოვს, კი- თავი ჩაღუნა მიშამ.
-მერე აკეთებ რამეს ამისთვის?
-ვცდილობ პატივცემულო.
 -მეტად ეცადე, გავიდა ცხოვრება. დაჯექი... ბექაური მაკა!
 -გახლავართ- პირველივე მერხიდან მერცხალივით წამოფრთხიალდა ახალგაზრდა გოგონა.
-მაკა, მაკა, მაკაააა...- ჩააშტერდა ჟურნალს სათვალიდან მასწავლებელი- შენ ყველაფერი რიგზე გაქვს, ჯერჯერობით, თუმცა ხომ იცი თითო წიხლი მაინც ყველას ხვდება.
 -ვიცი პატივცემულო.
-ასე რომ მზად უნდა იყო, ჭკვიანი გოგონა ხარ შენ, დაჯექი.
მაკას შექება ეამა და მკვირცხლად ჩამოჯდა.
 -გაბისონია მაყვალა. მოულოდნელად საკლასო ოთახის ბოლოდან მოსწავლე ნოდარ ტატიშვილმა აიწია ხელი.
-გისმენ ნოდარ...
 -შეიძლება რაღაც მოგახსენოთ?
-ბრძანეთ!
ნოდარი მერხის რიგებიდან გამოძვრა და მასწავლებელს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. მასწავლებელი ჯერ შეცბა, შემდეგ კი იგივე გამომეტყველება მიიღო და ჩაილაპარაკა: -ისე დრო კი იყო, მაინც აღარაფერი ეშველებოდა. ასაკი შემახსენე მისი?.. -ოთხმოცდახუთი.
 -კარგი ნოდარ, თავისუფალი ხარ,- მასწავლებელმა ჟურნალში კალმით რაღაც გადახაზა და განაგრძო
- მიქელაძე დავით.
-ვარ.
-დაბრძანდი.
- დავით თქვენ დღეს ტესტი გაქვთ დასაწერი.
 -ტესტი?- შეჰკადრა დათომ. მასწავლებელი გააოცა მოსწავლის შეპასუხებამ და უმალ სათვალე მოიხსნა.
 -რამე გაურკვევლად გამოვთქვი ბატონო დავით? ორმოცდაორი წელია არაფერი დაგიწერიათ, მერე მოდიხართ და ჩემთან ჩივით. გამომართვით ტესტი!- სქელი თაბახის დასტა გაუწოდა. დავითმა მორჩილად გამოართვა, ადგილს დაუბრუნდა და წერას შეუდგა.
 -ნებიერიძე გიორგი.
-ვაააარ მას, - მესამე რიგის მეოთხე მერხიდან ზანტად წამოიზლაზნა ბეჭებში მოხრილი ახალგაზრდა თვალების სრესვით.
 -ვაი შენს პატრონს, გამოდი დაფასთან! გიორგი ასევე ზანტად და სახის სრესვით გაემართა დაფისკენ, თან თავისთვის ლუღლუღებდა: "აუ, ისევ მეე მას"...
 -გამოადგი ფეხი!-
დაუბრიალა თვალები მასწავლებელმა. გიორგი დაფასთან დადგა. -დაიწყე!- ბრძანებით მიმართა.
-აუ მას, კარგით რააა...-დაიწუწუნა გიომ.
-დაიწყე!-მწარედ გამოსცრა კბილებში მასწავლებელმა და მაგიდას "ლინეიკა" გადაუჭირა. გიორგიმ ამოისუნთქა და დაიწყო: -...დღესაც ვეჩხუბე დედას, მამას ვაგინე და სახლიდან გამოვიქეცი. მერე ძმაკაცებმა ისევ გავიკეთეთ, როგორც გუშინ და მას ახლა ისეთ კაიფში ვარ, სულ რომ თავით ჩამომკიდოთ, ვერაფერს გავიგებ...
-მაშ ვერ გაიგებ არა?!. აბა დავიწყოთ! თუთბერიძე პირველი ხარ, გამოდი.
-მას მეეე?- შეშინებული წამოდგა სკამიდან ჩვიდმეტიოდე წლის ლამაზი გოგონა.
-ჰო, შენ, უკვე დროა მოქალაქეობრივი ვალი დააფიქსირო.
გოგონა დამორჩილდა.გამოვიდა,გიორგის წინ დადგა, თვალებში ჩახედა, ტუჩები უცნაურად მოკუმა, ააცმაცუნა და მთელი ძალით სახეში შეაფურთხა. გიომ თვალები დახუჭა და ზიზღით ჩამოიწმინდა ნერწყვი ცხვირ-პირიდან.
 -შემდეგი!- სახაზავი დაარტყა მაგიდას მასწავლებელმა.
-ჩაჩავა, გამოდი! ოცდახუთიოდე წლის გელა მერხიდან წამოდგა, სწრაფად მიეჭრა გიორგის და მუცელში მუშტი უთავაზა.
-შემდეგი, სწრაფად! ამდენი დრო არ მაქვს, ქოქოსაძე!
 დათო პანღურით შემოიფარგლა. თამომ- "შეგარცხვინე!" გიგამ- წიხლი. სალიმ- ფურთხი. ოთომ- "არაკაცი" თაზომ- წკიპურტი. ნათიამ- "უსირხვილო" ასე დაიარა კლასმა და ყველამ თავისი უთხრა გიოს. ბოლოს მასწავლებელმა შერცხვენილ მოსწავლეს ქეჩოში ხელი მოჰკიდა და უთხრა: -მერამდენედ გიორგი?.. ტირილამდე მისული ვაჟი მუდარით შესციცინებდა მასწავლებელს და ჩუმად იმეორებდა ხელებდაკრეფილი: "აღარ ვიზამ, აღარ ვიზამ"... -გვიანია უკვე, გასწორდი მხრებში! გიორგი გაიმართა და შიშით შეხედა. მასწავლებელმა უეცრად ხელი მოიქნია და  სილა გაარტყა. გიორგი დაეცა.
-თავისუფალი ხარ, გადი!!!
ცოტა ხნით დუმილი ჩამოვარდა. გიორგი ნელ-ნელა მიფორთხავდა კარისკენ და მალევე გაუჩინარდა. მასწავლებელი მაგიდას დაუბრუნდა.
 -ცირეკიძე თემურ.
-ვარ.
-ვიცი რომ ხარ, დავალება მომიტანე?
 -კი მას, მოგიტანეთ.
 -მაჩვენე. თემო მასწავლებელს მოწიწებით მიუახლოვდა და სქელი რვეული გადასცა. ----ყველაფერია?
-კი პატივცემულო, ზედმიწევნით აღვწერე ჩემი ყოფის ყველა ეპიზოდი 2000-2005 წწ-ებში.
-კარგი, სახლში გავეცნობი და პასუხს შემდეგ გაკვეთილზე გაგაგებინებ. დაჯექი. მასწავლებელმა ფურცელზე რაღაცის წერა დაიწყო და მოულოდნელად წამოიძახა: -დავით, ტესტი დამიბრუნე.
 -მას, ბოლო კითხვა დამრჩა და ვერ ვწერ, პასუხი არ ვიცი.
 -წაიკითხე.
დავითი წამოდგა და კითხვა დაიწყო: -ამოხსენით ამოცანა: მიდიხართ თქვენთვის. ხედავთ ვიღაც გიახლოვდებათ და უმიზეზოდ ხელს გირტყამთ, უბრალოდ ცუდ ხასიათზეა. რას მოიმოქმედებთ? პასუხი დაასაბუთეთ. -მერე ბატონო დავით, ორმოცდაათი წლისა მოიყარეთ და მაინც ვერ ჩაწვდით პასუხს? დავითი დაიბნა, უხერხულად დაუწყო მერხის კიდეს ფრჩხილით ფხაჭნა და გაუბედავად ამოილუღლუღა: -მე...ო...რე... ლოყას მივუშვერ. -თქვენგან არაფერი გამოვა ბატონო, არაფერი. ნათია, სწორი პასუხი! ნათია წამოდგა და სხაპასხუპით მიაყარა: -მეც დავარტყამ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღაც გადამთელავს და დამაბეჩავებს. -დაჯექი ნათია. უეცრად ზარი დაირეკა. კლასში ყველა შეიშმუშნა. -თავისუფლები ხართ. მაკა მოდი ერთი წუთით. მოსწავლეები ერთმანეთს და მასწავლებელს ემშვიდობებოდნენ. მაკა მიუახლოვდა მაგიდას: -გისმენთ. -მაკა ეს ფუცელი გამომართვი და ცხრილის ქვეშ გააკარი. -კარგით.- მაკამ ფურცელი ჩამოართვა და ცხრილის ქვემოთ გააკრა. ცხრილი ერთი გაკვეთილისგან შედგებოდა, დიდ თაბახზე ფართო ასოებით ეწერა: ც ხ ო ვ რ ე ბ ა. მაკას მიერ გაკრულ ფურცელზე კი: "გარდაიცვალა გაბისონია მაყვალა. პანაშვიდები გაიმართება 27,28 ნოემბერს, დაკრძალვა 29 ნოემბერს, მისამართი იკითხეთ დეკანატში." საკლასო ოთახი დაცარიელდა. ცხოვრებამ ჟურნალი და "ლინეიკა" იღლიაში ამოიდო და მორიგ საკლასო ოთახს მიაშურა. . . . დრომ თვალი გაახილა. გაჩერებულ მაღვიძარას დახედა და საწოლიდან წამოხტა. "ჩამძინებიაო" გაიფიქრა: წელიწადი სასწრაფოდ ამოიცვა, წუთი მოიცვა, თვე გადაიცვა, საათი მოისხა, დღეებში ფეხები ტუცა, წამი დაიხურა, კვირით ყელი კარგად შეიფუთა და სახლიდან გავარდა.

Wednesday, January 20, 2010

ჯერალდ ნიუმანი - მე მიყვარს ამერიკა დილის ცხრა საათზე





ნიუ იორკი,
ცხრა საათი,
შუშის ნამსხვრევებში მუშები,
ეძებენ სხვებს,
მექსიკელი ქალი,
ისიც ეძებს,
თითქმის არ ესმის ინგლისური,
"პედრო, ვახშამი მოგიტანე, პედრო"
ყვირის,
მტვერში რთულია სუნთქვა,
განსაკუთრებით უცხო ქალაქში.

პოლიციის ოფიცერი,
შავი ფორმით და სათვალით,
დაეძებს,
ოღონდ მას,
ვინც საცოდავ მუშას ეძებდა,
იპოვნა,
გვამთან დამხობილი,
ნახევრად ქალი,
გაიღიმა,
ისე როგორც იანკებმა,
ან წითურმა ირლანდიელებმა იციან,
ნანგრევებით გათეთრებული ხელები ზურგს უკან,
თავი სისხლის გუბეში,
ეცნო მარიას მექსიკური სისხლი,
"შენ გაქვს დუმილის უფლება"
ტირილის?
რა თქმა უნდა,
ეს ამერიკაა.
(DEMOCRACY DARLIN')

მეხიკოს გარეუბანი,
და-ძმა დედას ელოდება,
ის კი,
ეს-ესაა დაუბრუნდა სახლს,
სამსახურს,
სადაც ყოველდღე,
ახალი პედრო და ძველის მოგონებაა.
გოგონა მალე გაიზრდება,
ბიჭიც,
ისინიც წავლენ ამერიკული ოცნების საძიებლად,
ოღონდ,
ტყუპების ნანგრევებში...



Tuesday, January 19, 2010

მარკ ნოვაკი


მარკ ნოვაკი, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი პოეტი და პუბლიცისტი, კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, დაკავებულია აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობით, მისი ლექსები ხშირად ემსახურება პოლიტიკურ კრიტიკას.

როგორც თავად აცხადებს ადრეულ ასაკში მასზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, კამიუს, კაფკასა და სარტრის შემოქმედებამ.
ასევე მუსიკალურმა ჯგუფმა kraftwerk.
ნოვაკს გამოცემული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული, რომელთაგან Shut up shut  down უდავოდ გამორჩეულია.

Hoyt Lakes / Shut Down 05.25.2000 - აუდიო ვერსია.

Saturday, January 16, 2010

ჯერალდ ნიუმანი - ცამეტი წლის ვარ


ცამეტი წლის ვარ....



დილიდან ხმაურმა გამაღვიძა, სასოწარკვეთილებამ მთელი სხეული მოიცვა, ისევ ყვირილი, გაბმული და შემზარავი....
–პური რატომ არ არის? ვის უნდა მოეტანა?
–სახლში გვიან მოვედი, დაღლილს ჩამძინებია, ვერ მოვახერხე, გაიგე....
–ეს გასამართლებლად არ კმარა! მეც გვიან მოვედი! ყველა მუშაობს და იღლება, ყველას აქვს თავის საქმე, ოჯახში ყველას თავის ადგილი აქვს, ყველა თანასწორი როდია, ყველა თითიც კი არ არის ერთნაირი!!

შიმშილი ყველას აწუხებს

გაარტყა...... ტირილის ხმა სულ უფრო და უფრო ახლოს მესმის, აღარ შემიძლია...
ნუ ტირი დედა, ჩავეხუტე... ნუ ტირი, –უფრო აქვითინდა, სითბოს და მზრუნველობას როცა გრძნობს ადამიანი უფრო უჩუყდება ყოველთვის გული.
–წადი შვილო, პური მოიტანე, წადი..

ჩუმად ჩავიცვი ჩემი ძონძები. ყველას აქვს თავისი საქმე, საქმე ყველას თავისი აქვს, გაბმულად მიტრიალებს თავში ეს ოთხი სიტყვა, დახეული ფეხსაცმელი ავიღე, ეჰ ,არავის აცვია ასეთი.... მე ცამეტი წლის ვარ, ვის უნდა ეყიდა ჩემთვის ახალი? ყველას თავისი საქმე აქვს–ისევ ეს ფრაზა......მართლაც...

იანვარია, შობამ უკვე ჩაიარა, გარეთ ძალიან ცივა, საბრალო ხეებიც კი ნირწამხდარ ღრუბლიან ცას შესცქერიან, თითქოს რაღაცას ელიან, დამიჯერეთ იქ საინტერესო არაფერია... ქუჩის კუთხეში ჩემი ასაკის ხელგაწვდილი ბიჭი ზის, მის დანახვაზე რამდენიმე გრძნობა ერთიანად მეუფლება.... მებრალება, ამასთანავე სიამაყით ვივსები, მე საზოგადოების უფრო მაღალ ფენას ვეკუთვნი, გვერდზე მედიდურად ჩავუარე, დაახლოებით ისე როგორც ჩემი მეზობელი მდიდარი ვაჭარი ჩაგვივლის ხოლმე მე და მამაჩემს, ბებერი ღორი..... მადლობა ღმერთს ჭერი მაქვს თავზე.....


პური ვიყიდე, სახლში წასვლა არ მინდა, მინდა ცოტა ხნით მოვწყდე ამ დამთრგუნველ გარემოს, მეცოდება ყველა, მეცოდება მამაჩემი, ადრე ასეთი როდი იყო ადრე სამსახური ჰქონდა, ბევრს არასდროს უხდიდნენ, ცოტაც გვყოფნიდა, რაც მთავარია სახლში სრული სიმშვიდე იყო.... პატიოსანი კაცი ვერ აიტანეს.... ახლა კვირაში ერთხელ თუ მოახერხებს საჭმლის ფულის მოტანას.... ნერვები, ნერვები.... მშიერი ოჯახის ყურება ძნელია, ჯერ კიდევ დილით მძულდა მშობელი, მარტო დარჩენილი ვეცადე მის მდგომარეობაში შესვლას, მგონი გამომივიდა.....

ნაცნობი ქუჩა, აქ ის ცხოვრობს, ყოველღამე სიზმარში ვხედავ,დილით მასზე ფიქრით ვიღვიძებ და ისევ ღამეს ველოდები...ტკბილი ოცნებები, მხოლოდ ოცნებები, სიყვარული ერთია... რამდენჯერ მიფიქრია მომავალზე, იქნებ ეს მხოლოდ ბავშვური გატაცებაა და სხვა არაფერი, ვინ ვიქნები მომავალში, ან საერთოდ ვიქნები??.... რამდენი ტკივილი მიგრძვნია ცხოვრებაში, რამდენჯერ მიტირია ცხარე ცრემლით....., ჯერ ცამეტი წლის ვარ...... მის ფარდებს მკრთალი შუქი კვლავაც ელაციცება, უკანასკნელი დარჩენილი სინათლე...

მშია, რამდენიმე საათი გავიდა, დედამ გაჭირვებით დაგროვილი ხურდა ფული მომცა,ერთი პური ვიყიდე, სახლში სამი მშიერი ადამიანი მელოდება, იქნებ ჩემი წილი ვჭამო? პური გავტეხე, შვრიის სასიამოვნო სურნელი ვიგრძენი, ნერწყვი მომადგა, ლუკმა ჩავიდე, უგემრიელესია,კიდევ ერთი ლუკმა, კიდევ ერთი..... მამაჩემს ეყოფა, დანარჩენები .....ღმერთმა განმსაჯოს...

ცამეტი წლის ვარ, ცამეტი წლის....იმედია გავიზრდები....

Friday, January 15, 2010

ჯერალდ ნიუმანი - უკან ბედლამიდან






მესამე სართულზე ცხოვრობს მეგობარი უგო.

ჩემთან ოთახში ორნი ვართ, მე და სონი,
სონი, ასე ეძახის საკუთარ თავს, ნამდვილი სახელი არ ვიცი, არც მაინტერესებს,
ოთახი პატარაა, რამდენიმე კვადრატულ მეტრში, ორი საწოლი, კარადა და ტუმბო დგას, სამი კედლიდან ერთ-ერთზე, წითელ ჩარჩოში ჩასმული ნახატი ჰკიდია, ეს სონის ნახატია, ძალიან უყვარს, დაწვება ლოგინზე და საათობით უყურებს.



-სონი, რა არის მაგ ნახატზე?
-ვერ ხედავ? მშვენიერია არა ჩემი მერი?
-მერი ლამაზია ალბათ, მაგრამ ამ ნახატზე მხოლოდ წითელი და შავი ხაზებია,
-წითელი და შავი ხაზები? არა, შენ ვერ ამჩნევ, ეს მერია, მე მიყურებს.
-შენ უკეთ იცი მაგ ნახატის ფასი სონი, ნეტა სადილად რა გვექნება დღეს.
-არაფერი, ჩვენი სადილი სადილია? ტარაკნებით არის სავსე იმ ჩასუქებული მზარეულის ქვაბები, მერი რომ არ მელოდებოდეს საერთოდ არ შევჭამდი საჭმელს.

სამ საათზე უგომ გამოიარა, სასადილოდ გავედით, სონი არ წამოვიდა, მოწყენილი იყო, არც გამკვირვებია, ხშირად იცოდა ასე.
ბუფეტში ოცდაათი კაცი იქნებოდა,
ყველას შიოდა და ჩასუქებული მზარეული, რომელსაც "ბებერ ძროხას" ეძახდნენ, საჭმლის დასხმას ვერ აუდიოდა.

-დაიმახსოვრე შვილო, მშიერ გიჟზე საშიში მხეცი არ არსებობს,
-გიჟები? ჩვენ ხომ გიჟები არ ვართ? უბრალოდ ფსიქოლოგიური პრობლემები გვაქვს.
-ხო არა? იქნებ არც სონია გიჟი? მერი, მერი, გაიძახის, როცა მსგავსი ადამიანი საერთოდ არ არსებობს,
-არ არსებობს? რა იცით რომ არ არსებობს?
-ეგ ყველამ იცის შვილო, როცა აქ მოვიდა, გადარეული იყო, ფოტოსურათი ჰქონდა ჩახუტებული, ძილის დროსაც არ იშორებდა ,მერე ძველმა ექიმმა ფოტო წითელი და შავი საღებავით დაუფარა.
-რატომ? რა იყო ფოტოზე?
-საქმეც ისაა რომ არაფერი, გაფუჭებული კადრი,მაგრამ გაიძახოდა,
"ნახეთ ჩემი მერი, რა ლამაზია ქერა მერი!"

ნახევრად ცივი ფაფა მაგიდაზე დავაგდე...

ჩემი მეგობარი უგო კომუნისტი იყო, მხურვალედ უჭერდა მხარს წითელ პარტიას, ლექსებსაც წერდა, როგორც პაბლო ნერუდა, ვიკრიბებოდით მასთან, ვსაუბრობდით,
როცა ხასიათზე იყო ლექსებს გვიკითხავდა, არაფერს ამბობდა წარსულზე, არც მომავალზე ფიქრობდა ბევრს.

ყველა წავიდა, უგო სავარძელში იჯდა, მე ფანჯრის რაფასთან ვიდექი...


ჩაეძინა,

იატაკზე მისი უბის წიგნაკი, ვკითხულობ:

გვერდი I

"მე უგო ვარ,
მე
მიყვარს ცა, მიწა, მიყვარს ადამიანები, შენც მიყვარხარ ჩემო ძვირფასო კარმენ,
რა ვქნა, დიდი ხანია არ მინახიხარ, დროა ასეთი, ვიცი გამიგებ, ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ სამუდამოდ, იმ ქვეყანაში, სადაც თანაბრად ფასობს, ჩემი და მისი ლექსი, ადამიანის, რომელიც მდიდარ ოჯახში დაიბადა."




გვერდი II


"კარმენ, ჩემო კარმენ, ისევ მენატრები, კარლისგან არაფერი ისმის, არადა გუშინ უნდა მოეტანათ მისი წერილი, მეშინია იქნებ რამე შეემთხვა, სამი დღეა სახლიდან არ გავსულვარ, პუბლიკაციებს ვბეჭდავ, ძველი საბეჭდი მანქანით, რომელიც დაბადების დღეს მაჩუქე, მახსოვს, არაფერი გამხარებია ცხოვრებაში ასე, რამდენი ხანი ვაგროვებდი ფულს, მაგრამ შენ მომიტანე, ჩემო კარმენ.
იმ დღეს ძალიან წვიმდა, მაგრამ ერთად ვიყავით."






გვერდი III

კარლი დააპატიმრეს, მარტო დავრჩი, სხვებსაც ვერ ვუკავშირდები, კარმენ, შენ მაინც მყავდე აქ, მამაშენის ბრალია ყველაფერი, გამოუსწორებელი ბურჟუაა, ვიცი ვერ მიტანს, მაგრამ მოვა დრო, ყველა თანაბარი იქნება, მე და საიმონიც დავსხდებით ერთ მაგიდასთან.





გვერდი IV

კარმენ, შენი წერილი მივიღე, არ ვიცი რატომ, ძალიან ცუდად ვარ, ვერც შენ გამიგე,
კარლი გუშინ დახვრიტეს, მიმატოვე, შენი ადგილი არ იქნება მომავალში, მომავლის ქვეყანაში მოღალატეები ვერ იცხოვრებენ.





გვერდი V


დავმარცხდით, ხალხმა ზურგი გვაქცია, უგუნურები, უხარიათ, არადა ჩვენ ყველაფერი მათთვის გვინდოდა. კარმენ, ნეტავ სად ხარ კარმენ.



გაეღვიძა,
რვეული მაგიდაზე დავდე და ჩემს ოთახში დავბრუნდი, სონი კედელს უყურებდა, როგორც ყოველთვის.



-მერი, იცი როგორ მიყვარს ჩემი მერი? დამეხმარები მის მოძბნაში? არ ვიცი სად ვეძებო, მაგრამ შენც თუ წამოხვალ ნამდვილად ვპოვნი, შენ ხომ ჭკვიანი ხარ, ხომ გახსოვს როგორია? აი, ნახატს შეხედე, ხედავ? წარმოუდგენელია მისი თვალები სხვა ქალის თვალებში აგერიოს.
-ხო მერი, მართლაც არ ჰგავს სხვებს, დავიძინოთ და ხვალ მოვიფიქროთ კარგი?
-ხვალ? არა ხვალ გვიანი იქნება, უგომ უკვე იცის, ისიც ჩვენთან ერთად მოდის,
-უგო, მერის მოსაძებნად მოგყვება?
-ხო, მომყვება, თან მასაც უნდა ერთი ადამიანის მოძებნა,
-კარმენის?
-ხო, კარმენის, საიდან იცი?
-ვიცი, ადრე მითხრა.
-წამოხვალ თუ არა?
-ხვალ გეტყვი სონი, ხვალ.
-ხო, კარგი, კარგი, ოღონდ ადრე გაიღვიძე.


უგო რამ გააგიჟა.

ვიწექი და ვფიქრობდი, მომენატრა ქალაქში ხეტიალი, მაგრამ არ შეიძლება, ხომ შევპირდი ლორენს, მე მართლა მელოდება ცოლი, სონისგან განსხვავებით, ცოტაც და საბოლოოდ ვაჯობებ ამ დეპრესიას.

ჩამთვლიმა,
ძილ-ბურანში პარიზი....

აღარ თოვს.
ვსვამ ალუბლის ნაყენს,
მარტო დავრჩი, ჩემი პალტო, ისევ ისე გდია სკამზე, როგორც დავტოვე, ფეხსაცმელსაც გაჭირვებით ვიხდი, გამოვიცვლი და წავალ, ბოლოჯერ დავესწრები ამ დაწყევლილ სპეკტაკლს, იქნებ ახლა მაინც გამოვიდეს რამე, თუ არადა საერთოდ დავივიწყებ მის არსებობას, გრიმი, არ უნდა დამრჩეს, მეც როგორც ყველა ჯამბაზი, ნიღბის ქვეშ ვიმალები...

ჩემი ჩემოდანი ოცი წლისაა, რამდენ ქალაქში მითრევია, რამდენი ბინძური მატარებელი და გემის კაიუტა შემოუვლია, თეთრი საღებავით გაკეთებული წარწერა დღესაც ეტყობა - "ნიურნბერგი, 1900".

მეორე ჭიქა ალუბლის ნაყენს ვსვამ.
ათი საათია.სამშაბათი.
გარეთ არც გამიხედავს, ნეტა როგორი ამინდია..

-როდის ჩამოხვალ?
-არ ვიცი, წარმოდგენები ერთი კვირა გაგრძელდება,
-მეც წამოვალ შენთან ერთად, არ გინდა?
-არა, არ მინდა, იქნებ ამჯერად მაინც გამიმართლოს და მთავარ როლზე ამიყვანონ პარიზის თეატრში.
-გიყვარვარ?
-კი, ძალიან, ახლა წავედი, დავბრუნდები და ქალაქ გარეთ წავიდეთ, მარტო მე და შენ, ძალიან მინდა მშვიდი დასვენება.
-კარგი, დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა სადგურამდე მიგაცილო?
-კი, კი, წავედი.

ასე დავემშვიდობე ერთი კვირის წინ, ახლა უკვე ბოლო წარმოდგენა მაქვს, მთელი კვირაა უღიმღამო სცენაზე, ეპიზოდურ როლს ვთამაშობ, ვერავინ მოვხიბლე, ვერც მაყურებელი და ვერც ჟანი (ჩვენი რეჟისორი), ალბათ მომავალ პიესაშიც მეფის მსახურის, ან ძაღლის მომვლელის როლს მომცემენ, თუ საერთოდ არ გამიშვეს დასიდან.

სადგური, ეს ის ადგილია, რომელსაც ყველაზე ხშირად ვსტუმრობ, ისევ ვიყიდე ხუთფრანკიანი ბილეთი,
"კომპანია ბერგი და ალოფსი"- აწერია მწვანე მელნით, იმდენჯერ მინახავს ეს ორი გვარი, თავს უფლებას მივცემ განვაცხადო: "მე ვიცნობ მათ!"

გაზეთის წაკითხვას ვცდილობ, ალჟირში ადამიანებს აწამებენ,
მატარებლის განრიგი ტუალეტის კართან ჰკიდია,
ხელახლა ვკითხულობ რა ხდება ალჟირში, მეცოდება ყველა, დარწმუნებული ვარ მათაც შევეცოდებოდი, მაგრამ ვერც ისინი დამეხმარებოდნენ.

"ბილეთი გაქვთ?"- მეკითხება ჩასუქებული გამცილებელი,ადგილობრივ დიალექტზე,
იგივეს გერმანულადაც მიმეორებს, ვუწვდი დაჭმუჭნულ ქაღალდს (რატომ ფიქრობენ გერმანელები რომ ყველამ უნდა იცოდეს მათი ენა?)

მინერალური წყლის ბოთლი პირთან მიმაქვს - არ ვსვამ, მატარებელი საცაა გავა.

ჩემთან, კუპეში, კიდევ ორი კაცია, ერთი ჩემი თეატრის მხატვარია, მეორეს არ ვიცნობ, ალბათ ახალია დასში, შეიძლება უბრალო მგზავრიცაა...
ალჟირელ ტყვეებზე აღარ ვფიქრობ(ვხვდები ვერაფერს ვუშველი)
ფრაუმიუნსტერშტრასე მახსენდება,მზის სათვალეების ყუთებით გატენილი მაღაზია,ლუპები,ჭოგრიტები,თეატრალური ბინოკლები და ლორენის ღიმილიანი ტუჩები.
მახსოვს ბებერი მათხოვარი, ცრემლიანი თვალებით,სარეპეტიციოს შესასვლელთან რომ იჯდა ძონძებში გახვეული,
სახლიდან ყოველთვის მიმქონდა ცოტა საჭმელი მისთვის.

-შვილო დღეს გვიან მიდიხარ, ბევრი იმუშავე? ხომ იცი, შენ ყველაზე კარგი ხარ ამათ შორის.
-ბევრი ვიმუშავე, მაგრამ არაფერი გამოდის, (თითქოს მომინდა მისთვის ჩემი დარდი გამემხილა)
-ლორენი კარგი გოგონაა, რატომ აღარ გაკითხავს? ორსულად ხომ არ არის? ლამაზი შვილი გეყოლებათ, აუცილებლად მწვანე თვალები და ხუჭუჭა თმა ექნება.
-ლორენი? ლორენი მუშაობს, ბინის ქირას მარტო ჩემი ხელფასი არ ეყოფა, თან პარიზი,
ხომ იცით როგორ ახრჩობს უბრალო ადამიანს, ეს ქარაფშუტების ბუდე.
-ვიცი შვილო, ვიცი.ჩემმა კლოდმაც ვერ გაუძლო და აბაზანაში, თოკზე დაკიდებული ვიპოვნეთ, მე და საბრალო მამამისმა.

ამ ამბის შემდეგ ხშირად ვცდილობდი კლოდი წარმომედგინა, იქნებ შემხვედრია სადმე.
მე ცოტა დაბნეული ვარ, სახეებსაც ვერ ვიმახსოვრებ, შეიძლება ვიცნობდი კიდეც.



-სამი საათი გასულა, -ამბობს ჩვენი მხატვარი
ეს-ესაა გამოვედით გვირაბიდან.


მიუნჰენი, ცივია ეს ქალაქი, კომუნისტების გამოსვლებმა სულ დაზაფრა უკმეხი ბავარიელები.


ოთხი საათი, ბოლო დღე, წარმოდგენისთვის ვემზადები, ბოლთას ვცემ, საგრიმიოროში კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს სცენას.

"ო, გი, შენ მე მომკალი, ჯოჯოხეთის ცეცხლზე დაიწვები, ო, გიი"..

წარმოდგენამ ისე ჩაიარა, როგორც სხვა დანარჩენმა, ყველა ბისზე იდგა, მე ჩემოდანს ვალაგებდი.

მიუნჰენის ქუჩებში კომუნისტებს იჭერდნენ.


პარიზი, ლორენის ცრემლიანი თვალები, არყით დაბინდული გონება, სამჯერ გადაჭრილი ვენები,
ბოლო შეგროვებული კაპიკები,

ლორენს შევპირდი, შევპირდი და ახლა აქ ვარ, საწოლზე ვწევარ, გვერდზე შეშლილი სონი მიწევს, ტირის. მეცოდება, ნუთუ შეიძლება არარსებული ადამიანი ასე გიყვარდეს? არა, სისულელეა.

-სონი, მომიყევი რამე მერიზე,
-რა მოგიყვე?
-რა ვიცი, როგორ გაიცანი, რამდენ ხანს ხვდებოდი, მოკლედ, რაც გინდა ის მომიყევი.

ერთ დღეს მერიმ მითხრა: "სიყვარული არ არსებობს სონი,"
იცი როგორ იყინება ვენებში სისხლი? ან როგორ ბუჟდება ხელები და ბინდდება გონება? ეს ყველაფერი პირველად სწორედ მაშინ გამოვცადე,
მაგრამ მანამდე, ჩვენ დიდი ხანი ვიყავით ერთად.

ყოველ ღამე მოდიოდა ჩემთან,ვსაუბრობდით, ვეხუტებოდი,ვკოცნიდი, დაქორწინებას ვაპირებდით...


ფოტოგრაფი ვარ,
ჩემი მერისთვის ფოტოს გადაღება მომინდა, ფადავუღე კიდეც
(შეხედა კედელზე დაკიდებულ ნახატს), ძალიან ბედნიერი ვიყავი, ხელებიც კი მიკანკალებდა გამჟღავნებისას, მართლაც კარგი გამოვიდა, ძალიან კარგი,
მერე დედაჩემს ვანახე,
არ მოეწონა, საერთოდ ვერ დაინახა ჩემი მერი, მეწყინა...

შობა,
ღამის დადგომას მოუთმენლად ველოდი, ძალიან მინდოდა ჩემთან ყოფილიყო,
არ მოვიდა,
არც მეორე დღეს, მთელი თვე არ გამოჩენილა,
ბოლოს დავინახე, კარის ზღურბლზე იდგა, გახარებული სიტყვებს ვერ ვპოულობდი,
მან კი,
მერიმ მხარზე დამადო ხელი, ცივი თვალებით შემომხედა და მითხრა:"სიყვარული არ არსებობს სონი."
საწოლზე დავჯექი, ხელები სახეზე ავიფარე, ასე ვიყავი რამდენიმე წუთი, როცა გამოვფხიზლდი ის ოთახში აღარ დამხვდა,

სამი წელი გავიდა, მერე აქ მოვხვდი, არ ვიცი ასე რატომ მოხდა, აუცილებლად ვიპოვნი მერის და ვკითხავ.




სონი სევდიანი თვალებით უყურებდა კედელს.

ლორენი,
ის ალბათ ვიღაცის ბინძურ თეთრეულს რეცხავს, მასში კი მწვანეთვალება ბიჭი იზრდება, ნეტა ბევრს აქვს კლოდის ბედი?
მე დავბრუნდები და ისევ ვითამაშებ იაფფასიან სპექტაკლებში, მთავარი ხომ ფული არ არის.


უგო მოვიდა, სონის მიუჯდა, ხელი გადახვია, მეც წამოვდექი, ავიღე ჩემოდანი, რომელზეც თეთრი ასოებით წერია "ბედლამი 1913",



მერი, კარმენი, ლორენი, ან რა მნიშვნელობა აქვს,
ის მაინც არსებობს, უნდათ თუ არა ადამიანებს.














ბანგკოკი, ტაილანდი 2008